მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების ხელმძღვანელების თქმით მათ ობიექტებზე საკარანტინო ზონების შექმნით სასტუმროებმა ფუნქციონირება გააგრძელეს და თანამშრომლები შეინარჩუნეს.  

„ტურიზმის ადმინისტრაციასთან ეს თანამშრომლობა  ძალიან მნიშვნელოვანია,  დღეს სასტუმროში ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ და ხელფასს იღებენ. ესენი არიან მზარეულები, მიმტანები, მომარაგების და ადმინისტრაციის თანამშრომლები. საკარანტინო სივრცეების პროექტი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.“-აცხადებს სასტუმრო „გრაფიკას“ დირექტორი დავით ბაგალიშვილი.  სასტუმროს 21 ნომერი აქვს.  

„საკარანტინო ზონის შექმნა ჩვენი სასტუმროსთვის ძალიან პოზიტიურია,  რადგან  ჩვენ ყველა თანამშრომელი დასაქმებული გვყავს. იმ ფონზე როდესაც ტურისტული სეზონი ჩავარდნილია ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლების შენარჩუნება და მათთვის ხელფასების გადახდა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით სახელმწიფოს და ტურიზმის ადმინისტრაციას.“ აცხადებს  40 ოთახიანი სასტუმრო DKD Bridge-გენერალური მენეჯერი ნატალია სტეფანაშვილი.  

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში ამ ეტაპზე 4889 ადამიანი იმყოფება. საკარანტინო ზონები  83 სასტუმროში მოეწყო, შედეგად დასაქმებულია სასტუმროების 2482 თანამშრომელი.   

10 მარტიდან დღემდე საკარანტინო სივრცეებში  15600-ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი.