საქართველოს ცა საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის 1-ელ ნოემბრამდე დახურულია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მორიგი NOTAM-ი უკვე გამოსცა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა შეზღუდულია 31 ოქტომბრის ჩათვლით. თუმცა არსებობს გამონაკლისიც და თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაშვებულია მიუნხენიდან, პარიზიდან და რიგადან. 

“საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით (31.10.20). შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);

პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);

რიგა (ICAO-ს კოდი EVRA)”, აღნიშნულია განახლებულ NOTAM-ში. 

შესაბამისად, თუ საქართველოსა და ჩამოთვლილ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამწვავდება, ავიაკომპანიების – Lufthansa-ს, AirFrance-ის და airBaltic-ის რეგულარული რეისების შესრულება გაგრძელდება დადგენილი განრიგის შესაბამისად.

“სხვა მიმართულებებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვებთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს კვლავ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დაუდასტურებელ მიმართულებებზე/რეისებზე ბილეთების შეძენისაგან”, განმარტებული იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ 17 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში, როდესაც სააგენტომ სექტემბერში რეგულარული ფრენების შეზღუდვაზე მორიგი NOTAM-ი გამოსცა.

NOTAM (Notice to Airmen) არის ტელეკომუნიკაციის საშუალებით გავრცელებული შეტყობინება ოპერირების, მომსახურების, წესების, საფრთხის, ასევე სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ 20 მარტს გადაწყვეტილებები მიიღო და 21 მარტიდან, სრულად შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა და დაანონსა იმ მხოლოდ ავიარეისების განხორციელდება რომლებსაც, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით განხორციელდებოდა.