საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) პროგნოზით, 2024 წლისთვის მსოფლიოში სამგზავრო საჰაერო გადაზიდვები 4 მლრდ-ს მიაღწევს და  2019 წლის პანდემიამდე არსებულ დონეს გადააჭარბებს.

გასულ წელს, მთლიანი მგზავრთნაკადი 2019 წლის დონის 47%-ს შეადგენდა. IATA ვარაუდობს, რომ წელს მგზავრთნაკადის მაჩვენებელი პანდემიამდე არსებული მაჩვენებლების 83%-ი იქნება, 2023 წელს კი 94%-ი, 2024 წელს – 103%-ი, ხოლო 2025 წელს – 111%-ი.

2021 წელს საერთაშორისო საჰაერო გადაყვანებმა პანდემიამდელი მაჩვენებლების 27%-ი შეადგინა. ასოციაციის პროგნოზით, წელს აღნიშნული მაჩვენებელი 69%-ს მიაღწევს, მომავალ წელს – 82%-ს, 2024 წელს – 92%-ს, 2025 წელს – 101%-ს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების ამჟამინდელი პროგნოზი უფრო ოპტიმისტურია, ვიდრე წინა წლის ნოემბერში, ეს კი ბევრ ქვეყანაში COVID-რეგულაციების შემსუბუქებას ან მოხსნას უკავშირდება.

იმავდროულად, ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ჩრდილო ატლანტიკური და ევროპის საკვანძო ბაზრებზე. მოსალოდნელია, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ვითარება ნელა გაუმჯობესდება, რადგან ჩინეთი, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის უდიდესი ბაზარი, COVID-რეგულაციების შემსუბუქებას უახლოეს მომავალში არ გეგმავს.