2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, მსოფლიოს ავიაკომპანიების მგზავრთნაკადი 6.9%-ით გაიზარდა და 4.4 მლრდ მგზავრი შეადგინა, განმარტავენ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაში (IАТА).

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მონაცემები IАТА-ს პროგნოზებთან ძალიან ახლოსაა, რომელიც ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 2017 წელს გამოაქვეყნა.

IАТА-ს პროგნოზით, 2018 წელს მსოფლიოს ავიაკომპანიების მგზავრთნაკადი 4.3 მლრდ მგზავრის დონეზე იქნებოდა, ხოლო მგზავრთნაკადის ზრდა 2017 წლის მაჩვენებლებთან 6%-ის დონეზე.

2018 წელს ავიაკომპანიების დატვირთულობის კოეფიციენტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 81.9%-ი შეადგინა.

გასული წლის მონაცემებით, ყველაზე დიდი წილი ისევ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის კომპანიებზე მოდის  – 37.1% (1.6 მლრდ მგზავრი, ზრდა 2017 წლის მაჩვენებლებთან 9.2%), მეორე ადგილზეა ევროპული კომპანიები – 26.2% (1.1 მლრდ მგზავრი, ზრდა 2017 წლის მაჩვენებლებთან 6.6%), მესამე ადგილზე კი ჩრდილოეთ ამერიკის კომპანიებია 22.6%-ით (989.4 მლნ მგზავრი, ზრდა 2017 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 4.8%).

IATA-ს ინფორმაციით, ლოუკოსტერ სეგმენტი ზრდას განაგრძობს, ასოციაციის წევრი 290 კომპანიიდან 52 კომპანია იდენტიფიცირებას სწორედ „ლოუკოსტერ“ ავიაკომპანიად ახდენს.