გლობალური ენერგოკრიზისისა და საწვავის შესაძლო დეფიციტის გამო, მსოფლიო ავიაკომპანიებმა მაისის განრიგში სამგზავრო ადგილების რაოდენობა დაახლოებით ორი მილიონით შეამცირეს. ანალიტიკური კომპანია Cirium-ის მონაცემებზე დაყრდნობით, Financial Times-ი იუწყება, რომ აპრილის ბოლოდან მაისამდე პერიოდში ხელმისაწვდომი ადგილების ჯამური მაჩვენებელი 132 მილიონიდან 130 მილიონამდე შემცირდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ათასობით რეისის გაუქმებასა და ავიაგადამზიდავების მიერ საწვავის დაზოგვის მიზნით შედარებით მცირე ტევადობის ან უფრო ეკონომიური მოდელის თვითმფრინავების გამოყენებას უკავშირდება.
კრიზისის მთავარ მიზეზად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი სახელდება, რის გამოც საავიაციო საწვავის ფასი თითქმის გაორმაგდა, ხოლო სპარსეთის ყურის აეროპორტების ნაწილობრივმა ბლოკირებამ ევროპასა და აზიას შორის არსებული გლობალური ლოგისტიკა მნიშვნელოვნად დააზიანა. რეისების განრიგში ცვლილებები უკვე შეიტანეს ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა, როგორიცაა Emirates, Etihad, Qatar, British Airways, United და Lufthansa. ამ უკანასკნელმა მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით დაახლოებით 20 ათასი რეისი გააუქმა, რადგან საწვავის გაძვირების გამო არაერთი მიმართულება არარენტაბელური გახდა.
საწვავზე გაწეული ხარჯების ზრდა უარყოფითად აისახება ავიაკომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებზეც. იაპონური ავიახაზების პროგნოზით, მათი მოგება დაახლოებით 20%-ით შემცირდება, ხოლო ამერიკულმა Delta Air Lines-მა ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით მეორე კვარტალში ფრენების რაოდენობა 3,5%-ით შეკვეცა. საწვავის ეკონომიის მიზნით კომპანიები ხშირ შემთხვევაში ცვლიან ხომალდების ტიპებსაც. მაგალითად, Etihad-მა აბუ-დაბი-ჰონკონგის რეისზე დიდი მოცულობის Airbus A350 შედარებით მცირე და ეკონომიური Boeing 787-ით ჩაანაცვლა.
ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში, დან იორგენსენი, აცხადებს, რომ ივნისის დასაწყისში ევროპული ავიაკომპანიები შესაძლოა საწვავის მიწოდების შეფერხების წინაშე აღმოჩნდნენ, რაც საზაფხულო ნავიგაციისთვის სერიოზულ რისკებს შექმნის. ამავდროულად, Ryanair-ის ხელმძღვანელი მაიკლ ო’ლირი აფრთხილებს სექტორს, რომ საწვავზე მაღალი ფასების შენარჩუნების შემთხვევაში, რიგ ევროპულ გადამზიდავებს შემოდგომისთვის გაკოტრების საფრთხე დაემუქრებათ. საერთო ჯამში, ორმუზის სრუტის ბლოკირებისა და რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, საწვავის ფასები 84%-ით არის გაზრდილი.













