სტატიის ავტორი: entrepreneur.com
ჩვენთვის, ქართველებისთვის, ყოველთვის საამაყო და ემოციურია ჩვენი თანამემამულეების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე. დღეს, უკვე არაერთმა ქართველმა დაიმკვიდრა თავი სხვადასხვა სფეროში მსოფლიო მასშტაბით − ტექნოლოგიური ორგანიზაციებით დაწყებული, მოდის ინდუსტრიით დამთავრებული. თითქოს, ჩვენი საზოგადოება შეეჩვია კიდეც და სავსებით ორდინარულ მოვლენად აღიქვამს ჩვენებურთა Microsoft-ში, Google-ში, Amazon-ში მიღწეულ წარმატებებს, თუმცა ზუსტად ერთი საუკუნის წინ, არათუ თავის გამოჩენა, არამედ უბრალოდ მშობლიური ქვეყნიდან შორს გამგზავრებაც კი, საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენდა.
Entrepreneur-ს სურს გაგაცნოთ მისტერ Kartveli, იგივე ალექსანდრე ქართველიშვილი, რომელსაც ამერიკის სამხედრო ავიაციის განვითარებასა და მსოფლიო საავიაციო პროექტირება-დიზაინის საქმეში შეუფასებელი წვლილი აქვს შეტანილი.
ალექსანდრე ქართველიშვილი 1896 წელს, თბილისში დაიბადა. იგი პატარაობიდანვე გამოირჩეოდა თანატოლებისაგან უცნაური გატაცებებითა და სწავლის, შემეცნების მიმართ გამორჩეული სწრაფვით. 1903 წელს, როდესაც ალექსანდრე სულ რაღაც 7 წლის იყო, ძმებმა რაიტებმა პირველი აეროპლანი შექმნეს, რითაც ავიაციის საწყისებს ჩაუყარეს საფუძველი. მალევე, ეს ამბავი მსოფლიოს მოედო და საქართველომდეც ჩამოაღწია, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა მომავალი Mr. Kartveli-ს ბედი.
მოგეხსენებათ, 1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და პირველი რესპუბლიკის მთავრობა, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, აქტიურად იყო დაკავებული ნიჭიერი და პერსპექტიული ქართველებისათვის უცხოეთში სწავლის დაფინანსებით. ალექსანდრე ქართველიშვილმაც მიიქცია განათლების მესვეურთა ყურადღება და 1919 წელს, იგი პარიზში, მსოფლიოში ერთადერთ საავიაციო სასწავლებელში მიავლინეს. იგი საფრანგეთში დედასთან ერთად გაემგზავრა, ოჯახის დანარჩენი წევრები საქართველოში დარჩნენ და სწავლის დასრულებისთანავე, ალექსანდრეს დაბრუნებას ელოდნენ, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. 1921 წელს, საქართველოში საბჭოთა მმართველობა დამყარდა და ახალგაზრდა ავიაკონსტრუქტორი პარიზში დარჩა. ავიაინჟინერიის შესწავლის შემდეგ, მან ელექტრონიკის ფაკულტეტიც დაამთავრა, ხოლო 1924 წელს, მისმა თვითმფრინავმა უკვე სისწრაფის მსოფლიო რეკორდიც კი დაამყარა.
ალექსანდრე ქართველის შესახებ ხმა მალევე გავარდა. მასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება მსოფლიოს წამყვანი ბიზნესმენებისათვის სანუკვარ მიზნად იქცა. ერთ-ერთი ასეთი გახლდათ მილიონერი ჩარლზ ლევინი, რომელიც სამგზავრო ლაინერის შექმნის იდეით იყო შეპყრობილი და ამ პროექტის განსახორციელებლად, ალექსანდრე ამერიკაში მიიწვია. ასე შეიქმნა ცნობილი „ბიძია სემი“, პირველი თვითმფრინავი, რომელმაც ატლანტის ოკეანეს გადაუფრინა.
1931 წელს ალექსანდრე ქართველი ავლაბრელ, თბილისში დაბადებულ და გაზრდილ ალექსანდრე სევერსკის შეხვდა. მათ გადაწყვიტეს შეექმნათ დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც სამხედრო ავიაციის წარმოებას შეუდგებოდა, ამიტომ დააარსეს Seversky Aircraft Co. ორი ალექსანდრეს პირველი წარმატებული პროექტი 1935 წელს დასრულდა. ეს იყო P-35 − ამერიკის ისტორიაში პირველი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც მალევე ექსპორტზეც გავიდა. კომპანიამ რიგი მიზეზების გამო სახელი შეიცვალა და Republic Aviation Co. დაირქვა, ხოლო ალექსანდრე ქართველი, მისი ვიცეპრეზიდენტი და მთავარი ინჟინერი გარდა.
ალექსანდრე ქართველის სახელს უკავშირდება 14 სხვადასხვა თვითმფრინავის მოდიფიკაცია, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული, „მეორე მსოფლიო ომის ხერხემლად“ წოდებული − P-47-ა. მისი თვითმფრინავები რეკორდული რაოდენობით იწარმოებოდა. მაგალითად, P-47 ერთ-ერთი რეკორდსმენია ამ მიმართულებით, რომლის 15 660 ეგზემპლარი შეიქმნა. აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ავიაციის მთავარ დამრტყმელ ძალად, სწორედ ქართველის წარმოებული F-84 და F-105 მოდელის თვითმფრინავები მიიჩნეოდა, ხოლო ყველა პილოტის საყვარელი A-10, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩაეშვა წარმოებაში, სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში დღემდე გამოიყენება.
ამერიკული პრესა ალექსანდრე ქართველზე ბევრს წერდა და მას ხშირად რუსულ წარმომავლობას მიაწერდნენ, რაც თავად ქართველიშვილს ძალიან აღიზიანებდა. გასაკვირი არაა, რომ საბჭოთა კავშირში მის შესახებ ვერანაირი ინფორმაცია ვერ აღწევდა. სამშობლოში დარჩენილ მის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს, ალექსანდრესთან კონტაქტი პრაქტიკულად არ ჰქონდათ. იგი ფლობდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყველა სამხედრო საიდუმლოებას, რის გამოც მას თანამემამულეებთან ურთიერთობა ეკრძალებოდა კიდეც.
მისი ნაცნობები და ახლობლები აღნიშნავენ, რომ ალექსანდრემ ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსანი“, უყვარდა ქართული ფოლკლორი და „ქართულ ასოციაციას“ სიცოცხლის ბოლომდე აფინანსებდა.
77 წლის ასაკში, ალექსანდრე ქართველიშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა. იგი ბოლო დღემდე Republic Aviation Co.-ში მუშაობდა. მიღებული აქვს აშშ-ის მეცნიერების ეროვნული ჯილდო, იყო მრავალი საერთაშორისო საავიაციო საზოგადოების საპატიო წევრი და არაერთი უნივერსიტეტის დოქტორი. ამერიკელები დღემდე ამაყობენ ალექსანდრე ქართველით და უსამართლო იქნებოდა, საქართველოში, მის სამშობლოში, არაფერი სცოდნოდათ მის შესახებ.
სამწუხაროდ, ალექსანდრე საქართველოში აღარასოდეს დაბრუნებულა და არც შთამომავლობა დარჩენია. მან სიცოცხლის ბოლო დღემდე უერთგულა საყვარელ პროფესიას და საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა მსოფლიო ავიაციის ისტორიაში.
დღეს, თუკი ნიუ იორკში მოხვდებით, აუცილებლად ეწვიეთ ლონგ აილენდის სასაფლაოს, სადაც ღვაწლმოსილი ქართველი, ალექსანდრე ქართველიშვილი განისვენებს, რომლის საფლავის ქვას დიდი ასოებით, მხოლოდ ერთი სიტყვა − Kartveli აწერია.