„ყველამ ვიცით, რომ ეს რეგიონი მნიშვნელოვან საინვესტიციო პოტენციალს ფლობს და ის მზარდია, რადგან ვიყენებთ ერთიან პოლიტიკას, ვამცირებთ სავაჭრო ბარიერებს და ვაუმჯობესებთ დაკავშირებადობას“, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისი მიმდინარე, თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მესამე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
გიორგი გახარიას თქმით, საქარველოს მთავრობის მთავარი მიზნებია მეტი სამუშაო ადგილის შექმნა, ძლიერი საშუალო კლასის შენება, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.
„უსაფრთხოებისთვის ძალისხმევის გაერთიანება სჭირდება ძლიერ ეკონომიკას. და აქ ჩვენ გთავაზობთ კაპიტალდაბანდების, ვაჭრობისა და ინოვაციების უნიკალურ შესაძლებლობას, რაც ჩვენს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასა და ბიზნესისადმი კეთილგანწყობილ გარემოს ეფუძნება.
საქართველო ამ რეგიონის კარიბჭეა. ჩვენი მიზანია ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან.
ამდენად, საქართველო დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს იმისათვის, რომ ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობები იქონიოს ყველა პარტნიორთან რეგიონში და მის ფარგლებს მიღმა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველომ სიღრმისეული გარდაქმნა განიცადა და ყოველივე ამის შედეგად ჩამოყალიბდა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც დემოკრატიის დასავლურ პრინციპებს, სამართლის უზენაესობასა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას ეფუძნება.
ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი პოლიტიკა, ძლიერი სავაჭრო ურთიერთობები და ხელსაყრელი ადგილმდებარეობა განაპირობებდა ქვეყნის გარდაქმნას ახალ რეგიონალურ ცენტრად საინვესტიციო შესაძლებლობების ასათვისებლად.
დღეს, საქართველო გარე სამყაროს სთავაზობს ლიბერალურ საგადასახადო სისტემას, გადასახადების მცირე რაოდენობასა და დაბალ საგადასახადო განაკვეთებს. ჩვენს საგადასახადო სისტემაში ნულოვანი განაკვეთით იბეგრება რეინვესტირებული მოგება. არ არსებობს აქტივების ფასის ნაზარდზე კაპიტალის გადასახადი და არც კაპიტალის რეპატრიაცია იზღუდება.
აი ეს ინიციატივა გარდაქმნიდა ჩვენს ქვეყანას ღია საბაზრო ეკონომიკის წყობად და სავაჭრო პოლიტიკად, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ლიბერალურია“, განაცხადა გახარიამ.
სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების გარდა, საქართველო თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით სარგებლობს თურქეთთან, დსთ, თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან;
„პრეფერენციების საერთო სისტემა გაგვაჩნია აშშ, კანადასა და იაპონიასთან. ასევე, მოლაპარაკებებს ვიწყებთ ინდოეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე, ხოლო ისრაელთან თითქმის დასრულებულია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე.
ამ შეთანხმებების არსებული ქსელი საქართველოში მოქმედ სამეწარმეო-ეკონომიკურ სუბიექტებს საშუალებას აძლევს გავიდნენ 2.3 მილიარდი მომხმარებლის მქონე სარეალიზაციო ბაზრებზე.
ძლიერი სავაჭრო ქსელის გარდა, საქართველო ინვესტიციებს ახორციელებს ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარებაში, რათა დაკავშირებადობის ხარისხი გაძლიერდეს.
მიზნად გვაქვს დასახული საქართველო ვაქციოთ რეგიონალურ სატრანსპორტო და ლოგისტიკის ცენტრად.
საქათველოს საერთო წინსვლა აყალიბებს ინვესტიციებისადმი კეთილგანწყობილ გარემოს, რაც ჯეროვნად ითარგმნება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. ბოლო 5 წლის განმავლობაში მისი შემოდინება საქართველოს ეკონომიკაში 8 მილიარდ დოლარს გასცდა”, განაცხადა გიორგი გახარიამ.