ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ახალი ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე წარადგინა. მან ამ პოსტზე გიორგი ჩოგოვაძე შეცვალა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, ნათია თურნავას თქმით, პირველი, რაც აეროპორტების გაერთიანების ახალ ხელმძღვანელთან ერთად გააკეთა, სწორედ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დათვალიერება იყო.

„როგორც გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ მე უკვე ვიმყოფებოდი თბილისის საერთაშორისო აერპორტში და გარკვეული შენიშვნებიც მქონდა აეროპორტის მმართველი კომპანიის მიმართ. მინდა ვთქვა, რომ „ტავ ჯორჯიამ“ ყურად იღო ჩვენი შენიშვნები, მიმდინარებს რემონტი, მოწესრიგდა სველი წერტილები, წესრიგდება ინტერიერი, ავეჯი და ვიმედოვნებ, რომ პროცესი უფრო სწრაფად წავა წინ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებას არ მოვაკლებთ ამ პროცესს, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი დავალება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, უფრო მნიშვნელოვანი და კომპლექსური დავალებაა, რომ დროულად დასრულდეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება და ეს ასეც მოხდება.

„შემოდგომით ჩვენ გვექნება ახალი ტერმინალი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც ოთხჯერ გაზრდის გამტარუნარიანობას – ეს არის ის აეროპორტი, რომელიც შედარებით დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს ემსახურება და როგორც ტურისტებს, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შეღვათიან ფასებში აძლევს მოგზაურობის საშუალებას“, – განაცხადა მინისტრმა.

წყარო: BM.ge