საქართველოს მთავრობა სომხეთიდან საქართველოს მიმართულებით შატლების დაფინანსებას აღარ განიხილავს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ერევნიდან თბილისის მიმართულებით შატლების დაფინანსება მიზანშეწონილად აღარ ჩაითვალა.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუმცა საგულისხმოა, რომ ამ მიმართულებაზე, უფრო კონკრეტულად კი თბილისი-ერევანი-მოსკოვის მიმართულებაზე და პირიქით, ოპერირება უკვე დაიწყო ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა, რომელსაც მგზავრები საქართველოდან რუსეთის მიმართულებით სომხეთის გავლით ისე გადაჰყავს, რომ მგზავრს თვითმფრინავიდან ჩასვლა აღარ უწევს, როგორც ეს ტრანზიტული მგზავრის შემთხვევაში ხდება. ავიაკომპანიას მგზავრები მოსკოვში უკვე ბათუმიდანაც გადაჰყავს და სამომავლოდ მოსკოვის გარდა სხვა ქალაქების მიმართულებითაც გეგმავს რეისების შესრულებას.

“რაც შეეხება აზერბაიჯანის მიმართულებას, მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ საავიაციო კომპანიებთან, რათა მათ თავიანთ ბილეთებში გააკეთონ შატლების ინტეგრირება. ასევე, ჩვენ სხვადასხვა ქალაქში შეხვედრების შემდეგ, დამატებითი ინიციატივები დავამატეთ. მაგალითად ქუთაისში წამოიჭრა საკითხი, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან წყალტუბომდე საჭიროა შატლების სერვისის დამატება და მათი დაფინანსება”, აღნიშნა ნათია თურნავამ.

​შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვის შემდეგ ტურისტულმა სექტორმა ბაქოსა და ევერნის აეროპორტებიდან თბილისის მიმართულებით შატლების სერვისის დაფინანსება მოითხოვა, რათა რუსეთიდან წამოსული ტურისტი საქართველოში მარტივად მოხვედრილიყო.