2019 წლის 6 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” 64 460 საჰაერო ხომალდს მოემსახურა.

“საქაერონავიგაცია” მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში საქართველოს სამ საერთაშორისო და ორ ადგილობრივ აეროპორტში 233 895 აფრენა – დაფრენას მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 11.8%-ით მეტია, ხოლო 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით 37.9%-ითაა გაზრდილი.

მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს საჰაერო სივრცეში 64 460 ფრენა განხორციელდა, რომელიც მოიცავს როგორც ინსტრუმენტალურ და ვიზუალურ აფრენა-დაფრენას, ასევე ტრანზიტულ გადაფრენას. აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წლის 6 თვის განმავლობაში შესრულებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით 8 370 ფრენით, ანუ 11.5%-ითაა შემცირებული. რაც შეეხება მიმდინარე წლის შედარებას 2017 წლის 6 თვის მაჩვენებელთან, იგი 1301 ფრენით, ანუ 2%-ით ნაკლებია.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულებული გადაფრენების შემცირების მიზეზი პაკისტანი – ინდოეთის კონფლიქტია. პაკისტანსა და ინდოეთს შორის არსებული დაძაბულობის გამო, პაკისტანის საჰაერო სივრცე 2019 წლის 27 თებერვალს გამოცემული NOTAM (A0200/19) -ის საფუძველზე ჩაიკეტა. აღნიშნული გადაწყვეტილება განახლებული NOTAM-ების საფუძველზე მოქმედებდა მიმდინარე წლის 15 ივლისის ჩათვლით.

როგორც “საქაერონავიგაციაში” განმარტავენ, ამ გადაწყვეტილებამ გავლენა მოახდინა საჰაერო ნაკადებზე, რომლებიც მოძრაობდა სამხრეთ – აღმოსავლეთ აზიიდან ევროპისკენ და პირიქით. ცვლილებებმა საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულებულ გადაფრენებზეც იმოქმედა, ზემოაღნიშნული საჰაერო ნაკადის ნაწილმა გადაინაცვლა სამხრეთით, რამაც საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულებული გადაფრენების შემცირება გამოიწვია. “საქაერონავიგაცია” ივლისიდან საჰაერო ნაკადების დაბრუნებას ელოდება, რადგან პაკისტანმა 15 ივლისის A0710/19 NOTAM-ით საჰაერო სივრცე გაიხსნა.

მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენია 16 344 105 კმ, რაც 2017 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 17.2%-ით, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 18.2%- ითაა ნაკლები.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი მანძილის შემცირებას, კომპანიის მიერ დანერგილი თავისუფალი საჰაერო მარშრუტების კონცეფცია განაპირობებს. მოკლე საჰაერო მარშრუტების არსებობა თავის მხრივ გულისხმობს ფრენის დროის, საოპერაციო ხარჯების და ეკოლოგიაზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას, რაც დადებითად აისახება მთლიანად ქვეყნის განვითარებაზე.

2019 წელს საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების კუთხით პროცენტული წილები ასე გადანაწილდა: Georgian Airways-ი, Wizz Air-ი, Turkish Airlines-ი, Ural Airlines-ი და Pobeda Airlines-ი.

2017-2018 წლებში საქართველოს ცას ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად Georgian Airways-ი, Turkish Airlines-ი, Azerbaijan Airlines-ი (AZAL), Qatar Airways-ი და Singapore Airlines Ltd-ი იყენებდნენ.

საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის ტოპ მომხმარებლად 2019 წელის 6 თვის მონაცემებით, ისევ Wizz Air-ი, Georgian Airways-ი, Turkish Airlines-ი დაფიქსირდნენ.