მგზავრი შრი-ლანკიდან 200 ცოცხალი მორიელის გამოყვანას შეეცადა, თუმცა არ გამოუვიდა. ის აეროპორტში დააკავეს. ჩინეთის მოქალაქემ შხამიანი მორიელები პლასტმასის ყუთში განათავსა და ისე ცდილობდა ქვეყნიდან გამოყვანას. თუმცა ბანდარანაიკის აეროპორტის საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა საეჭვო ტვირთის დათვალიერებისას, ცოცხალი მორიელები აღმოაჩინეს. მგზავრი გუანჯოუს რეისით აპირებდა გამგზავრებას.
საბაჟო სამსახურში ფიქრობენ, რომ მგზავრს მორიელები შხამის გამო გაჰყავდა, რომელსაც შემდგომ ცხოველიდან აიღებდა და ჩინეთის ტერიტორიაზე გაყიდდა. ცხადია მორიელები მგზავრს ჩამოართვეს. იმავდროულად მამაკაცი 100 000 შრილანკული რუპიით (დაახლოებით 500 დოლარი) დააჯარიმეს.
ცნობისათვის შრი-ლანკაში 18 სახეობის შხამიანი მორიელი ბინადრობს. მორიელების ბიზნესი ბოლო პერიოდში საკმაოდ მომგებიანი გახდა.
ქვეყნიდან ცოცხალი მორიელის გაყვანა, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, აკრძალულია. ამისათვის მთელი რიგი დოკუმენტაციაა საჭირო.