საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) განაცხადა, რომ მგზავრები პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით უკმაყოფილონი არიან.

სექტემბერში IATA-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც 11 ქვეყნიდან 4700 რესპოდენტს აერთიანებდა აჩვენა, რომ მგზავრები დარწმუნებულნი არიან, რომ რისკების მართვა ეფექტიანად შეიძლება და გადაადგილების თავისუფლება მალე აღდგება.

უფრო მეტიც, გამოკითხულთა 67%-ი მიიჩნევს, რომ უმეტესი ქვეყნების საზღვრები ღია უნდა იყოს. ეს მაჩვენებლები კი 12%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის ივნისში გაკეთებული გამოკითხვები შედეგები.

გამოკითხულთა 64%-მა გამოთქვა მოსაზრება, რომ საზღვრების დახურვა არც ისე საჭიროა, რადგანაც ამ გზით ვირუსის გავრცელების შეფერხება არაეფექტურად ხორციელდება. ეს 11% -ით მეტია წინა მაჩვენებელზე.

73%-ის აზრით, შეზღუდვების შედეგად მათი ცხოვრების ხარისხი ზარალდება. ეს მაჩვენებელი კი 6%-ით მეტია ივნისის მაჩვენებლებზე.

“თანდათან უფრო მეტი ადამიანი ვერ ხედავს ვირუსთან საბრძოლველად მოგზაურობის შეზღუდვების აუცილებლობას. ფაქტია, რომ მათ გამოტოვეს ძალიან ბევრი ოჯახური მომენტი, პიროვნული განვითარების შესაძლებლობები და სხვა. მოკლედ, მათ ენატრებათ გადაადგილების თავისუფლება და სურთ მისი აღდგენა. უმრავლესობის აზრით, COVID-19 არ გაქრება, ამიტომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა რისკების მართვის, ნორმალური ცხოვრებისა და მოგზაურობისთვის”, განაცხადა IATA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ვილი უოლშმა.

დღეისათვის საჰაერო მოგზაურობისთვის ყველაზე დიდი დაბრკოლებად საკარანტინო ზომები რჩება. გამოკითხულთა 84%-ი აღნიშნავს, რომ ისინი იმ მიმართულებით არ გაემგზავრებიან, სადაც კარანტინის დაცვა მოუწევთ. გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა მხარს უჭერს კარანტინის გაუქმებას, თუ ადამიანს აქვს COVID-ტესტის ნეგატიური პასუხი (73%) ან არიან ვაქცინირებულნი (71%).