წელს მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი იუბილარია. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე აცხადებს, აეროპორტმა მოახერხა და სვანეთის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
„27 დეკემბერს, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტს 10 წელი უსრულდება და შეიძლება ითქვას, რომ მან შიდა ტურიზმის და კონკრეტულად სვანეთის მხარის განვითარებაში საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი უკვე შეიტანა. დედაქალაქიდან თუ სამანქანო გზას დაახლოებით 9 საათი სჭირდება, ნატახტარის აეროპორტიდან მესტიამდე გადაფრენის მანძილი 50 წუთამდე მცირდება. აღნიშნული ავიარეისი ხელსაყრელია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის. სწორედ ამიტომაც, სვანეთი თავის პოტენციალის გათვალისწინებითაც და იმითაც, რომ მას საკუთარი აეროპორტი აქვს, ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა.
მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა რეგიონის მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა. გაჩნდა ახალი სასტუმროები, გესთ ჰაუსები, შესაბამისად დამატებითი სამუშაო ადგილები, რამაც მეტწილად ხელი შეუწყო რეგიონში ტურიზმის სფეროს განვითარებას. მესტიის აეროპორტს მგზავრთნაკადი იანვარში 60-%-ით გაეზარდა, ხოლო თებერვალში 84%-ით. მოგეხსენებათ, რომ 21 მარტს მთავრობის განკარგულების საფუძველზე შეწყდა შიდა ფრენები და ამიტომ მარტში აეროპორტში მგზავრთნაკადის 22%-იანი კლება დაფიქსირდა.
4 თვიანი პაუზის შემდეგ კი პირველი ფრენა მესტიის მიმართულებით 24 ივლისს შესრულდება”, აცხადებს თამარ არჩუაძე.