4 თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოში შიდა ფრენები განახლდა. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე აცხადებს, პირველი ფრენა 09:00   საათზე ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით 24 ივლისს შესრულდება, ამავე დღესვე, 20:00 საათზე შესრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენა ბათუმის მიმართულებით.

ჯამურად, ივლისში 24-დან 31 ივლისამდე პერიოდში მესტია-ნატახტარის მიმართულებაზე 6 რეისი, თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე 5 რეისი, ხოლო ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებაზე 3 რეისი შესრულდება.

„აგვისტოდან კი მესტიის მიმართულებით კვირაში 5 სიხშირით შესრულდება რეგულარული რეისები, ამბროლაურის მიმართულებით კვირაში 3-ჯერ, ბათუმის მიმართულებით კი – კვირაში 4 სიხშირით. რეგულარული რეისები მესტია-ამბროლაურის მიმართულებით მცირე ზომის L410 ტიპის საჰაერო ხომადლდით განხორციელდება და მისი ტევადობა 15 ადამიანამდეა.

ხოლო თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე ფრენა საშუალო ტიპის საჰაერო ხომალდით – ემბრაერ 120-ით შესრულდება, რომლის ტევადობა 30 ადამიანია“, განმარტავს თამარ არჩუაძე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის განმარტებით, 2020 წელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შიდა ტურიზმის წლად გამოცხადდა. ამიტომ შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას და შიდა ფრენების განვითარებას დიდი ყურადღება დაეთმობა.

„შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით, შიდა ფრენების დაწყება მნიშვნელოვანია, ამას ელოდება, განსაკუთრებით როგორც ჩვენი ქვეყნის მთიანი რეგიონის მოსახლეობა, ისე ადგილობრივი ვიზიტორებიც.

მოლოდინი, რომ დიდია ეს ბილეთების გაყიდვაზეც აისახა, ამ დროისთვის ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით 180-მდე ბილეთია სხვადასხვა მიმართულებით უკვე გაყიდულია.

როგორც ცნობილია, 24 ივლისიდან საქართველოში შიდა ფრენები განახლდება. შესაბამისად, 24 ივლისიდან აღდგება ფრენები შემდეგი მიმართულებით: თბილისი-ბათუმი, ნატახტარი – მესტია და ნატახტარი – ამბროლაური.

ნატახტარი – მესტია – ნატახტარი

ერთი გზა: ზრდასრული 90 ლარი ; ბავშვები (3-12) 63 ლარი; ჩვილები (0-3) უფასოდ.

თბილისი – ბათუმი – თბილისი

ერთი გზა: ზრდასრული – 125 ლარი; ბავშვები (3-12) – 88 ლარი; ჩვილები (0-3) – უფასოდ.

ნატახტარი – ამბროლაური – ნატახტარი

ერთი გზა: ზრდასრული 50 ლარი; ბავშვები (3-12) 35 ლარი; ჩვილები (0-3) უფასოდ.

მესტია – ქუთაისი – მესტია

ერთი გზა: ზრდასრული 50 ლარი; ბავშვები (3-12) 35 ლარი; ჩვილები (0-3) უფასოდ.