20 ოქტომბერს მსოფლიო ავიამეთვალყურის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე განმარტავს, ავიამეთვალყურეების პროფესიული დღის მნიშვნელობის ხაზგასასმელად, სააგენტომ სიმბოლურად დღეს დაამტკიცა “საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესი“.

“საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებაში ჩართულ ყველა პირს ვულოცავ პროფესიულ დღეს! მეამაყება, რომ წლების განმავლობაში ვიმუშავე საჰაერო მოძრაობის მეთვალყურედ და დღემდე ვინარჩუნებ ავიამეთვალყურის მოწმობას, რაც პერიოდულად მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოითხოვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ საავიაციო სფეროში მიღებული კვალიფიკაციის შენარჩუნება, დეფიციტური სპეციალობების პოპულარიზაცია და ახალი თაობისთვის მაგალითის მიცემა მნიშვნელოვანია დარგის წარმატებული ფუნქციონირებისთვის.

ავიამეთვალყურეების პროფესიული დღის მნიშვნელობის ხაზგასასმელად, სააგენტომ სიმბოლურად დღეს დაამტკიცა „საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესი“. ნორმატიულ აქტზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა და აღსანიშნავია, რომ ამ პროცესის ფარგლებში, სააგენტოს სპეციალისტებმა არაერთხელ გამართეს კონსულტაციები „საქაერონავიგაციის“ წარმომადგენლებთან. წესი შემუშავებულია ევროკავშირის რეგულაციის გათვალისწინებით და ხელს შეუწყობს საჰაერო მოძრაობის მართვის პროცესის შემდგომ გაუმჯობესებას ჩვენს ქვეყანაში. ამასთან, ახალი სტანდარტები თანმიმდევრულად გაზრდის ავიამეთვალყურეთა სწავლების ხარისხს და პირობებს.

გისურვებთ წარმატებებს ფრენების უსაფრთხოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვან საქმიანობაში! მადლობა თქვენი სამსახურისთვის!“, აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე.