ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) შედეგად სექტორისთვის მიყენებულ ზარალზე საუბრობს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, COVID-19-მა გავლენა უკვე იქონია ეკონომიკასა და ტურიზმის დარგზე მთელ მსოფლიოში.
ახალი კორონავირუსის შედეგად განსაკუთრებით გართულდა მდგომარეობა თებერვლის ბოლოდან, რაც ნეგატიურად აისახება საერთაშორისო ტურისტულ და საავიაციო ბაზრებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით, კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო საერთაშორისო ავიაციის დანაკლისმა ორ თვეში უკვე შეადგინა 4,9 %. წლიურმა დანაკლისმა კი შესაძლოა 13 %-ს მიაღწიოს, რაც ჯამში საავიაციო სექტორისთვის 28 მილიარდამდე დოლარის შემოსავლის შემცირებას გულისხმობს.
“საერთაშორისო ობიექტური ტენდენციებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ მარტის თვე მაღალი გამოწვევებით სავსე იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიაში.
როგორც მოგეხსენებათ, ზოგადად ვირუსს ახასიათებს სეზონურობა, ამიტომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შესაბამის დროს მაქსიმალური აქტივობებით და რესურსების სრული მობილიზებით მარკეტინგულ კამპანიების ინტენსივობას გაზრდის სხვადასხვა მიმართულებით.
საქართველოს მთავრობამ მთელი რიგი ეფექტური ღონისძიებები განახორციელა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, როგორიცაა: სხვადასხვა სასაზღვრო გამშვებ-პუნქტებში, აეროპორტებში, საბაჟო-ტერმინალებსა და ა.შ. მკაცრად მოწმდება ქვეყანაში შემოსული როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის თითოეული მოქალაქე. მიმდინარეობს მასობრივი სადეზინფექციო სამუშაოები, როგორც სახელმწიფო დაწესებულებებში, ასევე სასწავლო დაწესებულებებსა და თავშეყრის ადგილებში. ასეთი ზომები ხელს შეუწყობს საქართველოს იმიჯს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების კუხით საქართველო დაბალი რისკის მქონე ქვეყნებს შორის არის. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული მიმართულებაა, ეს იმიჯი ვირუსის ჩაცხრომასთან ერთად დაეხმარება კერძო სექტორს და ხელს შეუწყობს პოტენციურ ტურისტებს, რომ საზღვარგარეთ მოგზაურობისას არჩევანი საქართველოზე გააკეთონ”, განმარტავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.