ბიუჯეტური, გემრიელი, საინტერესო… ყველაფერი ეს პოლონეთში ჩვენ მოგზაურობას ეხება!

ხშირად ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად ათასობით კილომეტრში ვმოგზაურობთ, სხვა კონტინენტებზე მივფრინავთ იმ იმედით, რომ არაჩვეულებრივ ძეგლებსა და ბუნების საოცრებებს მოვინახულებთ, მაგრამ გვავიწყდება, რომ ყველაფერი საოცარი – აქვე ახლოს მდებარეობს. ასე შეგვიძლია დავახასიათოთ ევროპის ქვეყანა – პოლონეთი. მხოლოდ რამდენიმე საათი თვითმფრინავით და თქვენ შუა საუკუნეების ზღაპარში მოხვდებით, რომელიც  თქვენს მოლოდინს 100%-ით გაამართლებს.

პოლონეთი

პოლონეთის პირველად მონახულებისთვის  ან უბრალოდ ნაკლებად დამღლელი მოგზაურობისთვის, გირჩევთ შემდეგ ქალაქებს ეწვიოთ: კრაკოვი-ვროცლავი-ლოძი-ვარშავა-ლუბლინი.

ეს მარშრუტი ძალიან მოსახერხებელია, რადგან აღნიშნული ქალაქები ერთმანეთისგან 200-250 კილომეტრში მდებარეობს, ასე რომ თქვენ არ დაიღლებით, შეგიძლიათ დატკბეთ პოლონეთის სილამაზით, უგემრიელესი ადგილობრივი კერძებით და რამდენიმე ასეული ფოტო გადაიღოთ უთვალავი კათოლიკური ეკლესიებისა და ციხეების ფონზე.

პოლონეთის ტერიტორიაზე შესანიშნავად არის განვითარებული Polski Bus გადამზიდის საავტობუსო ქსელი,  რომლის მეშვეობითაც ჩვენი მარშრუტის ნებისმიერ პუნქტში მოხვდებით. და რაც მთავარია თქვენი ბიუჯეტისთვის – მოგზაურობის ღირებულება არ აღემატება 5-6 ევროს და თუ წინასწარ დაგეგმვათ, თითქმის ყოველთვის არის ხელმისაწვდომი ბილეთები 1 ევროდ.

მარშრუტის ყველა ქალაქში განთავსების ღირებულება დაახლოებით ერთნაირია:

  • საწოლი ჰოსტელში – 5 ევროდან
  • ნომერი 3* სასტუმროში – 20 ევროდან ორი ადამიანისთვის
  • ნომერი 5* სასტუმროში – 70 ევროდან ორი ადამიანისთვის

ფასები შეამოწმეთ აქ

პოლონეთში გამგზავრების ყველაზე მარტივი გზა თვითმფრინავით მგზავრობაა. Wizz Air გვთავაზობთ რეისებს ქუთაისიდან პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის კატოვიცეში, ქალაქში, რომელიც კრაკოვთან ახლოს მდებარეობს  და საიდანაც მოხერხებულია ჩვენი მარშრუტის დაწყება.

კრაკოვი

რამდენიმე საათი და თქვენ შუა საუკუნეების კრაკოვში აღმოჩნდებით – პოლონეთის კულტურულ დედაქალაქში. მისი შუაგული  – ძველი ქალაქია (შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში) ფართო ბაზრის მოედნით, წმინდა მარიამის ეკლესიით და ვაველის ციხით. დიდი ხნის განმავლობაში კრაკოვი  პოლონეთის მონარქების მეფედ კურთხევის ადგილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის დედაქალაქი  ვარშავაში იყო – ამის შესახებ მეტი შეგიძლიათ გაიგოთ  ექსკურსიაზე „სამეფო დინასტიების  საიდუმლოები და სიდიადე“.

კრაკოვი

მართლაც, კრაკოვში უამრავი ღირსშესანიშნაობაა თავმოყრილი, მაგრამ ის რაც ამ ადგილს ნამდვილად უნიკალურს ხდის – ეს არის ქალაქის მახლობლად მდებარე ორი ადგილი. პირველი არის ველიჩკას მარილის საბადოები რამდენიმე ბილიკით (ტურისტული და საშახტო), მარილის  საშხეფი აუზით, ეკლესიით და სხვა საინტერესო ადგილებით; მეორე კი – მსოფლიოში ცნობილი ოსვენციცის საკონცენტრაციო ბანაკია.

ვროცლავი

ჩვენი მარშრუტის შემდეგი გაჩერება ქალაქი ვროცლავია. ეს არის კიდევ ერთი პოლონეთის „კლასიკური“ ცენტრში მდებარე ქალაქი ძველი უბნითა და ბაზრის მოედნით. ასევე ვროცლავში ტრადიციულად მდებარეობს სამეფო სასახლე და ისტორიული მუზეუმი.

ვროცლავი

ქალაქის ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობა საუკუნის დარბაზია, რომელიც ლაიფციგის მახლობლად ნაპოლეონზე გამარჯვების საპატივცემულოდ  აშენდა. ეს არქიტექტურული საოცრება ერთდროულად საქორწილო ტორტს,  კაპიტოლიუმს, ამოუცნობ მფრინავ ობიექტს და  ბაქოს ძველი აეროპორტის შენობას მოგაგონებთ! შენობაში იმართება ბაზრობები, არქიტექტურული გამოფენები, საოპერო წარმოდგენები და კალათბურთის შეჯიბრებები.

ქალაქის სავიზიტო ბარათია ცოდნის ცენტრი წყლის შესახებ – ჰიდროპოლისი. იგი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის კატეგორიის სტუმრებისთვის, რომელთაც 8 თემატურ ზონაში 64 ინსტალაციის მონახულება შეუძლიათ. აქ თქვენ ბატისკაფ „ტრიესტშიც“ კი შეგიძლიათ შეიხედოთ, რომელიც 1960 წელს დედამიწის ყველაზე ღრმა ადგილში ჩაეშვა.

თუ ვროცლავში ღამის თევით დარჩებით,  გირჩევთ ექსკურსიაზე გაემართოთ „მისტიკური ვროცლავი“.

ლოძი

ძალიან საინტერესო ქალაქი, რომელსაც მდიდარი ისტორია და მრავალი ღირშესანიშნაობა აქვს. გასაკვირია, რომ ომის შემდგომ პერიოდში,  როდესაც ვარშავა განადგურებული იყო, ლოძი ფაქტიურად პოლონეთის დედაქალაქის როლს ასრულებდა 1948-1949 წლებში.

ლოძი

ლოძი ინდუსტრიული ქალაქია, რაც მას განსაკუთრებულ ხიბლს და უნიკალურობას ანიჭებს. აქ ფაბრიკები მუზეუმებად, ხოლო ყოფილი ქარხნები სავაჭრო ცენტრებად და რესტორნებად იქცნენ. მაგალითად,  გირჩევთ მოინახულოთ საფეიქრო მრეწველობის მუზეუმი ან ხის არქიტექტურის მუზეუმი. ლოძი ასევე პოლონეთის „კინემატოგრაფიული“ ფაბრიკაა. აქ მდებარეობს კინემატოგრაფიისა და ტელევიზიის სკოლა, კინემატოგრაფიის მუზეუმი და ვარსკვლავების ხეივანი.

ლოძში მდებარეობს პოლონეთის ყველაზე გრძელი საქვეითო ქუჩა, სადაც განთავსებულია ათეულობით კაფე, რესტორანი, ბარი და მაღაზია. ქალაქის მთავარი სავიზიტო ბარათი სავაჭრო-გასართობი კომპლექსი – მანუფაქტურაა, რომელიც ყოფილი საფეიქრო ფაბრიკის ტერიტორიაზე მდებარეობს. კომპლექსის საამქროებში განთავსებულია მაღაზიები, კინოთეატრები, რესტორნები, არტ-ინსტალაციები.

ვარშავა

ვარშავაში მაშინვე იგრძნობთ, რომ დედაქალაქში იმყოფებით: ფართო გამზირები, გრძელი ქუჩები, მაღალი შუშის შენობები. ცენტრში ტრადიციულად ძველი ქალაქი მდებარეობს. მართალია, ის მხოლოდ 60 წლისაა! ვარშავა ვერ გაგაოცებთ ისეთი დიდი რაოდენობის ღირსშესანიშნაობებით, როგორც კრაკოვი ან ვროცლავი, მაგრამ აქ უმარვი რამაა სანახავი. ქალაქი ძალიან დინამიკური, ტექნოლოგიური და კოსმოპოლიტურია.

ვარშავა

გირჩევთ აუცილებლად ეწვიოთ ვარშავის ყველაზე უჩვეულო ბაღს, რომელიც ვარშავის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სახურავზე მდებარეობს!

ვარშავასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული დიდი კომპოზიტორის – შოპენის ცხოვრება და მოღვაწეობა. ქალაქში 15 „მომღერალი“ სკამია განთავსებული, სადაც კომპოზიტორის მიერ შექმნილი მელოდიების მოსმენა შეგიძლიათ.

კიდევ უფრო გაგაოცებთ მეცნიერებათა ცენტრი „კოპერნიკი“ – ეს არ არის მხოლოდ ნიკოლოზ კოპერნიკის მემკვიდრეობის მუზეუმი, აქ თქვენ თვითონ შეგიძლიათ გახდეთ მეცნიერი და ყველა ფიზიკური კანონის მოქმედება საკუთარ თავზე შეამოწმოთ. ქალაქის შესანიშნავი ხედი ყველაზე მაღალი შენობიდან იშლება – კულტურისა და მეცნიერების სასახლიდან.

ვარშავა საკმაოდ დიდი ქალაქია, ამიტომ გირჩევთ ველოექსკურსიაზე ან ავტო-საფეხმავლო ტურზე გაემართოთ.

ლუბლინი

ლუბლინი უკრაინის საზღვართან ყველაზე ახლოს მდებარეობს. ლუბლინს არაოფიციალური მეტსახელი აქვს  – „little Krakow“ (პატარა კრაკოვი), რადგან აქაც ბევრი ღირსშესანიშნაობაა, მაგრამ ქალაქი  დიდი ტურისტული ნაკადებისაგან მოშორებით მდებარეობს.

ლუბლინი

ამიტომ ეს  ფასების პოლიტიკაზეც აისახა, მაგალითად, ლუბლინიში სადილს მიირთმევთ 10-20%-ით უფრო იაფად, ვიდრე ჩვენი მარშრუტის სხვა ქალაქებში. ასევე ეს ქალაქი კარგი ადგილია საყიდლების მოყვარულთათვის. მთავარი ადგილობრივი ღირსშესანიშნაობაა – ლუბლინის ციხე, რომლიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება (სიმაღლიდან ის რაღაცით ვილნიუსს ან ბრატისლავას მოგაგონებთ).

წყარო: aviabiletebi.org