“საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ახალი დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს. მას აქვს სამოქალაქო ავიაციის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება და პროფილური განათლება. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი დირექტორი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ავიაციის განვითარებაში,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს კომპანიის ახალი დირექტორი წარუდგინა.
ირაკლი ქარქაშაძეს ავიაციის სფეროში მუშაობის შვიდ წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. მას გავლილი აქვს ავიაციის ინდუსტრიაში წამყვანი კრემსის (ავსტრია) უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა (MBA) საავიაციო მენეჯმენტში. ასევე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორი. მისი სადისერტაციო ნაშრომია „ავიაკომპანიის ლოგისტიკის მენეჯმენტის ბიზნესპროცესების ავტომატიზაცია“. ირაკლი ქარქაშაძე არის პარიზის SKHEMA ბიზნეს სკოლის საერთაშორისო მარკეტინგის და ბიზნეს განვითარების მაგისტრი, ასევე ფლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამრეწველო ინჟინერიის და მენეჯმენტის ბაკალავრის ხარისხს. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ნიუ იორკის Candor High School-ში. ბოლო დრომდე, ირაკლი ქარქაშაძე ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილედ მუშაობდა.
აეროპორტების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა, რომელიც საქმიანობას ზედამხედველობას უწევს.
მთავარი აეროპორტები მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ახალი დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე წარადგინა