ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების (CAA) 2021 წლის შესრულების ანგარიში წარადგინა. საქართველოსა და ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებას ხელი 2010 წელს მოეწერა, რომელიც ითვალისწინებს მხარე სახელმწიფოთა ავიაგადამზიდველი კომპანიების მიერ, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის კონკურენტუნარიანი მომსახურების განხორციელების, საავიაციო ბაზარზე დაშვების, საჰაერო მოძრაობის ორგანიზების, საავიაციო უსაფრთხოების და უშიშროების, მომხმარებელთა დაცვის და სხვა საკითხებს.
ასოცირების შესახებ შეთანხმება სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით ითვალისწინებს სწორედ აღნიშნული შეთანხმების დანართში მოცემული ევრორეგულაციების იმპლემენტაციას.
“დღეს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს წარვუდგინეთ ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების (CAA) 2021 წლის შესრულების ანგარიში. ამასთანავე, პარლამენტის წევრებს გავუზიარეთ ავიაციისა (96%) და ტურიზმის სექტორის (შემოსავლები – 70%) აღდგენის დადებითი დინამიკა და პოზიტიური მოლოდინები ზაფხულის ტურისტულ/სანავიგაციო სეზონზე”, დაწერა სოციალურ ქსელში მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამ ეტაპისთვის უკვე განხორციელდა შეთანხმებით გათვალისწინებული 70-მდე რეგულაციის ანალიზი და შემუშავებულია მათი დანერგვის გეგმა. ამასთან, დღეის მდგომარეობით სრულად ან ნაწილობრივ უკვე დანერგილია 36 რეგულაცია (20 სრულად და 16 ნაწილობრივ), ამასთან 10 რეგულაცია ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანილია და გამოქვეყნებულია ცალკე ნორმატიული აქტის სახით, 11 რეგულაცია აისახა მოქმედ ნორმატიულ აქტებში, ხოლო 4 რეგულაცია სრულდება გადმოტანის გარეშე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა დარჩენილი ნაწილის დანერგვაზე, პრიორიტეტულობის და აქტუალურობის გათვალისწინებით.
“2021 წელს, “ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმების ოფიციალურად ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტის პირველი ფორმალური სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს და ევროკავშირს შორის, საჰაერო მიმოსვლის კუთხით არსებული მზარდი დინამიკა, აგრეთვე, მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს მიერ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების, საავიაციო სფეროში გატარებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ. ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებას რატიფიცირება ევროკავშირმა 2020 წელს მოახდინა”, აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა და 2022 წლისთვის იგეგმება ევროკავშირის შემდეგი რეგულაციების დანერგვა:
– ევროპის პარლამენტის და საბჭოს No 1321/2014 რეგულაცია, კერძოდ, მისი შემდეგი ნაწილები – Part CAMO, რაც ითვალისწინებს სასერთიფიკაციო მოთხოვნების დადგენას საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოსათვის (რაც უკვე სავალდებულო მოთხოვნა იქნება იმ ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ კომერციულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას) და ამავე რეგულაციის ნაწილზე – Part M, რაც ადგენს საექპლუატაციო მოთხოვნებს ტექნიკური მომსახურებისა და საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოების მიმართ.
– ევროპის პარლამენტის და საბჭოს No 551/2004 და 2019/123 რეგულაციები, რომლებიც ადგენს მოთხოვნებს საჰაერო მოძრაობის მართვის (ნავიგაცია) მიმართულებით.
– ევროპის პარლამენტის და საბჭოს რეგულაცია N 965/2012, რომელიც აწესებს ტექნიკურ მოთხოვნებს და ადმინისტრაციულ პროცედურებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისთვის, კერძოდ სრულდება მუშაობა რეგულაციის – Part SPO ნაწილზე, რომლითაც დგინდება მოთხოვნები საჰაერო ხომალდის კომერციული დანიშნულებით სპეციალიზებული ექსპლუატაციისთვის (საავიაციო სამუშაოები) (Commercial SPO);
– ევროპის პარლამენტის და საბჭოს რეგულაცია N1178/2011, რომელიც ადგენს მოთხოვნებს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებისთვის, მათი სასწავლო ორგანიზაციებისთვის, ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფისთვის) და ავიასპეციალისტების სამედიცინო შემოწმებისთვის. ეს ორი უკანასკნელი ნაწილი დანერგილია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა სხ-ის ეკიპაჟის წევრების მოთხოვნების ეტაპობრივ დანერგვაზე.