ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ავიაკომპანია Wizz Air – ის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.
შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ოპერირების ტექნიკურ დეტალებსა და WizzAir-ის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებზე. დადებითად შეფასდა ავიაკომპანიის მიერ 1-ლი ივნისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დაბრუნება და რეგულარული რეისების შესრულების დაწყება მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით.
ამჟამად ავიაკომპანიას უკვე აქვს ორი ბაზირებული ხომალდი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და ფრენებს 22 მიმართულებით ახორციელებს. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ავიაკომპანიის მიერ ახალი ევროპული მიმართულებების დამატების შესაძლებლობებზე.
ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უკვე გამართეს შეხვედრა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელობასთან.