გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ღვინის ტურიზმის რიგით მეხუთე  გლობალური კონფერენცია პორტუგალიაში ოფიციალურად გაიხსნა, რომლის ფარგლებში გაიმართება  მაღალი რანგის მინისტერიალი, რომელზეც მსოფლიოში ღვინის ტურიზმის წამყვანი ქვეყნების – ესპანეთის, საფრანგეთის, იტალიის, პორტუგალიისა და საბერძნეთის წარმომადგენლებთან ერთად, მოხსენებას გააკეთებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი. 
კონფერენციაზე ღვინის ტურიზმის მნიშვნელობა, COVID-პანდემიის პირობებში უსაფრთხო ტურიზმის აღდგენა და გლობალური გამოწვევები განიხილება. კონფერენცია გახსნა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა. 
საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ამავე უწყების ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაული. 
„გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რიგით მე-5 კონფერენციაში მონაწილეობით მოხდება საქართველოს, როგორც ღვინის ტურიზმის ქვეყნის, მეტი პოპულარიზება. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მაღალი რანგის მინისტერიალში, სადაც ვისაუბრებთ საქართველოს ღვინის კულტურის, ღვინის ტურიზმის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ტურიზმის პოტენციალის შესახებ. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრების გამართვა სხვადასხვა ქვეყნების ტურიზმის მინისტრებთან, რომლის დროსაც ვიმსჯელებთ, როგორ შევძლოთ, COVID-19-ის მიუხედავად, ერთობლივი ძალებით ჩვენი ქვეყნების ტურიზმისა და ავიაციის სექტორების განვითარება,“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
“მაღალი რანგის კონფერენციასა და მინისტერიალში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა წამყვანი ქვეყნების ძალიან ღირებული გამოცდილება გავიზიაროთ ღვინის ტურიზმის მდგრადი და ეფექტური განვითარებისთვის, რაც, თავის მხრივ, წინაპირობას წარმოადგენს საქართველომ ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლიოს ტურიზმის ღვინის რუკაზე”, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.