ქართულ ავიაკომპანიებს ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენების რეკომენდაციას აღარ აძლევენ. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს უკვე მოუწოდა, რომ მათ თავი შეიკავონ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან. თავის მხრივ კი სააგენტოს რეკომენდაცია, ევროკავშირის საავიაციო უშიშროების რისკების შეფასების ინტეგრირებული ჯგუფის მიერ, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროებისთვის არსებული რისკების და უკრაინული საჰაერო ხომალდის კატასტროფის სავარაუდო მიზეზების გათვალისწინებით, გავრცელებულ რეკომენდაციას ეყრდნობა.

“საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებსა და საავიაციო ხელისუფლებებს შორის მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა და მიმდინარე რისკების შეფასება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მგზავრთა და ფრენების უსაფრთხოება.

ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის საავიაციო უშიშროების რისკების შეფასების ინტეგრირებული ჯგუფის მიერ, მათ ხელში არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენები შეფასდა როგორც მაღალი რისკის შემცველი და ევროპულ ავიაკომპანიებზე გაიცა რეკომენდაცია თავი შეიკავონ აღნიშნული საჰაერო სივრცის გამოყენებისგან.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს ავიაკომპანია „Ukraine International Airlines”-ის (UIA) კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს”, აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საიტზე განთავსებულ განცხადებაში, რომელიც 2020 წლის 12 იანვრით (კვირა) თარიღდება.