COVID-19-ის პანდემიის გამო 3 თვით ფილიპინების დედაქალაქის აეროპორტში გაჭედილმა ესტონელმა მამაკაცმა ნანატრ ავიარეისზე დააგვიანა. რომან ტრიფიმოვ სამშობლოში ნიდერლანდების გავლით უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ამსტერდამის აეროპორტში თვითმფრინავს ვერ მიუსწრო.
“მათთვის ვისაც სურდა დამხვედროდა: სამწუხაროდ ამსტერდამიდან ტალინის მიმართულებით თვითმფრინავს ვერ მივუსწარი”, დაწერა ტრიფიმოვმა საკუთარ Facebook-ზე.
ტრიფიმოვი ფილიპინების აეროპორტში 20 მარტს ჩაფრინდა, ანუ მაშინ როდესაც COVID-19-ის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ის ქვეყანაში არ შეუშვეს. მგზავრს საემიგრაციო სამსახურმა პასპორტი ჩამოართვა და ავიაკომპანია AirAsia-ს გადასცა, რითაც ის ქვეყანაში ჩაფრინდა. ავიაგადმზიდავს ტურისტი უკან უნდა დაებრუნებინა. თუმცა ჩაკეტვის გამო ფრენები ვეღარ განხორციელდა.
მამაკაცი იძულებული იყო მანილას აეროპორტში ეცხოვრა, საიდანაც გამოსვლის უფლება არ ჰქონდა. მას ვერც ფილიპინებში ესტონეთის საელჩო ეხმარებოდა, რადგანაც ის არ იყო ესტონეთის მოქალაქე და მხოლოდ რეზიდენტი იყო. სხვა დანარჩენი სერვისი კი მისთვის ფასიანი იყო. აეროპორტში ცხოვრებიდან 100 დღის შედეგ კი ჟურნალისტებს დაუკავშირდა და საბოლოოდ მის შესახებ ინფორმაცია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეწოდა.
7 ივლისს კი მამაკაცი მანილადან ამსტერდამის მიმართულებით გაფრინდა, საიდანაც უკვე ამსტერდამი-ტალინის რეისსზე უნდა გადამჯდარიყო. თუმცა ამსტერდამის აეროპორტში მგზავრი დაიბნა და არასწორი მიმართულებით წავიდა და ამასობაში ამსტერდამი-ტალინის რეისზე ჩასხდომის პროცესიც დასრულდა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ტრიფიმოვი სოციალურ ქსელში აქტიური იყო და აეროპორტში არსებულ ვითარებასა და ცხოვრების პირობებზე ინფორმაციას სისტემატიურად ავრცელებდა.