საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ტურიზმის მიმართულებით ახორციელებს, ეფექტურია, თუმცა ტურიზმის სექტორს დამატებითი სტიმულები და მეტი კაპიტალიზაცია სჭირდება.
დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ხელმძღვანელმა ყურადღება ტურიზმის სექტორზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ 2018 წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში, თითქმის, მილიონ 300 ათასი საერთაშორისო მოგზაური ჩავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს თითქმის 10 პროცენტით აღემატება.
„ზოგადად, ექვს თვეს თუ ავიღებთ, თითქმის 12 პროცენტით არის გაზრდილი ვიზიტორების რაოდენობა. მოგეხსენებათ, საქართველო ტოპ ხუთეულ ქვეყანაში შევიდა, სადაც ტურიზმი ყველაზე სწრაფად იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ტურიზმის მიმართულებით ვაწარმოებთ, ეფექტურია, მაგრამ დამატებითი სტიმულები, ამ სექტორში მეტი კაპიტალიზაცია გვჭირდება. მთავრობის წინა სხდომაზე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა გამოვიტანეთ, რომლის მიხედვითაც, უკრაინასთან ID ბარათებით მოგზაურებას და შესაბამისად, ტურისტების მიღებას შევძლებთ. ეს კარგი ნაბიჯია, რომელიც შეიძლება სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში განვაზოგადოთ და ამ საკითხებზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა ბახტაძემ.
საქართველოსა და უკრაინას შორი პირადობის დამადასტურებელი ბიომეტრიული მოწმობებით მიმოსვლის ამოქმედება სექტემბერში იგეგმება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 29 აგვისტოს განაცხადა, უკრაინასთან ერთად, პირადობის ელექტრონული მოწმობებით მოგზაურობის შემოღება სხვა ქვეყნებთანაც იგეგმება.