მალე, როცა აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, სოხუმს ნამდვილად ექნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე აეროპორტი, აცხადებს HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე.
როგორც HUB Georgia-ს განცხადებაშია აღნიშნული, პუტინის პროპაგანდისტულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ამდენი წლის შემდეგ, სოხუმის აეროდრომს მიენიჭება საერთაშორისო აეროპორტის სტატუსი და დღეში 5 ათასამდე მგზავრს მოემსახურება.
„ეს, რა თქმა უნდა ტყუილი და მორიგი პროვოკაციული ნაბიჯია რუსეთის მხრიდან.
დიახ, ძალიან მალე, როცა აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, სოხუმს ნამდვილად ექნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ლამაზი აეროპორტი და ის მოემსახურება მგზავრებს მთელი მსოფლიოდან. აფხაზეთი გახდება სამოთხე ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც იქ იცხოვრებს და დასასვენებლად ჩავა, სოხუმი კი ერთ-ერთი ყველა სწრაფად განვითარებადი ტურისტული ქალაქი მსოფლიოში, ისეთივე როგორიც დღეს ბათუმია. ამას ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, მას შემდეგ რაც დამარცხდება ბოროტების იმპერია, პუტინის დამპყრობლური და კაცთმოძულე რეჟიმი, მას შემდეგ რაც აფხაზეთი კვლავ საქართველოს განუყოფელი ნაწილი გახდება“, აცხადებს ვასო ურუშაძე.
HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, ვიდრე რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, მანამდე ამის განხორციელება შეუძლებელი იქნება.
„საქართველოს ნებართვის გარეშე შეუძლებელია სოხუმის აეროპორტმა მიიღოს საერთაშორისო აეროპორტის სტატუსი. ამას მკაცრად არეგულირებს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია (ICAO), რომელიც აფხაზეთს საქართველოს ტერიტორიად აღიარებს. იმისთვის, რომ ICAO-მ სოხუმის საერთაშორისო აეროპორტს მიანიჭოს შესაბამისი კოდი, მასზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უნდა გასცეს ვარგისობის სერთიფიკატი და მუდმივ რეჟიმში განახორციელოს უსაფრთხო ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა, რაც ოკუპირებული ტერიტორიების შემთხვევაში შეუძლებელია.
მიუხედავად ამისა, თუ რომელიმე რუსული ავიაკომპანია მაინც შეასრულებს ფრენებს, თუნდაც რუსეთის ტერიტორიიდან სოხუმის მიმართულებით, ის დაარღვევს საქართველოს კანონს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” და წინააღმდეგობაში მოვა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებთან“, აცხადებს HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე.
შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ სოხუმის აეროპორტიდან საქართველოს ნებართვის გარეშე საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ინფორმაციით, სოხუმის აეროპორტში ვერცერთი ავიაკომპანია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს, სანამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველო და ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა არ იქნება უზრუნველყოფილი ქართული მხარის მიერ.
იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, ის დაარღვევს როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს, რაც გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე.
სოხუმის აეროპორტი საქართველოს მხარის მიერ დაკეტილია 1993 წლიდან. ის არ არის სერტიფიცირებული საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს.
ICAO – ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. მისი მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.
საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია აეროდრომის გამოყენება სამოქალაქო ავიაციის მიზნებისათვის, თუ მისი ექსპლუატანტი არ ფლობს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ, მოქმედ აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატს.
საქართველოს ტერიტორიაზე აეროდრომების სერტიფიცირებას, სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატის გაუქმებას, ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს.
როგორც ცნობილია, 25 მაისს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც სოხუმის აეროპორტი გამოყენებული იქნება როგორც სამხედრო ასევე სამოქალაქო ავიარეისებისათვის.
“აეროპორტის რეკონსტრუქციის შემდეგ, აფხაზეთსა და რუსეთს შორის ავიამომისვლის აღდგენა იგეგმება, რომელიც 26 წლის წინ შეწყდა, ომის შემდეგ”, განაცხადა სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ფიფიამ.
მან ასევე დასძინა, რომ სოხუმის აეროპორტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო, რისთვისაც რუსული ინვესტიციების მოზიდვა მოხდა. რეკონსტრუქციის შემდეგ აეროპორტი დღე-ღამეში 3-დან 5 ათასამდე მგზავრის მიღებას შეძლებს.