პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – მგზავრთნაკადის 96%-იანი და რეისების რაოდენობის 80%-იანი ზრდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 126,864 მგზავრმა ისარგებლა. (2019 წლის მაისი 64,745 – მგზავრი).
მგზავრთნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. პანდემიამდე, 2019 წლის მაისში 210 რეისი შესრულდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი რეისების რაოდენობა 80% გაიზარდა. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 378 რეისს მოემსახურა.
პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რაოდენობის კუთხით, სტაბილური ზრდა არის ხუთი თვის ჭრილშიც. წელს, იანვარი – მაისის პერიოდში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 502,323 მგზავრს მოემსახურა. რაც, 2019 წლის პერიოდს 74 %-ით აღემატება. ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ხუთ თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1 591 რეისს მოემსახურა, რაც პანდემიამდე პერიოდთან, 66 %-ით მეტია.
2023 წლის 1-ლი ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და რეგულარული რეისებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით ასრულებს. 4 ივნისიდან კი ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულება დაამატა.
2023 წლის პირველ დეკემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 17 ქვეყნის 34 მიმართულებით სრულდება.