ბელექი არის თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კურორტი, სადაც დასვენება უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.  ჩვენ მოგიყვებით, თუ რა უნდა ნახოთ ამ საკმაოდ ლამაზ  ქალაქში და როგორ უნდა გაერთოთ ისე, რომ ყველაფერი თქვენთვის იყოს დაუვიწყარი.

კურორტზე  შვებულებაში ჩამოსვლისთანავე, პირველ რიგში, უნდა გაეცნოთ თვითონ ქალაქს და გაისეირნოთ მის ცენტრალურ ქუჩებში. აქ შეგიძლიათ ნახოთ მე -20 საუკუნის ბოლოს აშენებული მინიატურული მეჩეთი და მის გვერდით მდებარე საათის კოშკი. აღსანიშნავია, რომ ქალაქის ცენტრი არის საკმაოდ მოვლილი და სავსე ყვავილებით.

ზოგადად, თურქეთის კურორტებზე მრავალი უძველესი ძეგლია დაცული, რაც დიდი ცივილიზაციების ყოფილ დიდებას მოგვაგონებს და ამ მხრივ, არც ბელეკია გამონაკლისი. მაგალითად, უძველესი ქალაქი პერჟე მდებარეობს ჩრდილო – დასავლეთით, მისგან 30 კილომეტრში და არქეოლოგიური გათხრების მიხედვით, იგი ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000 წელს. აქ არის დიდი რომაული ამფითეატრი, რომელიც დაახლოებით 15 ათასამდე მაყურებელს იტევს, ასევე  ელინისტური კარიბჭე, ქალაქის კედლების ნანგრევები, აკროპოლისი და ბიზანტიური ბაზილიკა. ამასთან, პერჟეს შემორჩა  ცნობილი რომაული აბანოები, მოპირკეთებული მარმარილოს ფილებითა და  უძველესი ქანდაკებებით.

საგულისხმოა აქ არსებული ქოფრულუს კანიონი (Köprülü), რომელიც  განსაკუთრებით გამოირჩევა თავისი სილამაზით. უკვე ორმოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იგი კურორტის  მთავარ ღირსშესანიშნაობადაა გამოცხადებული. ის მდებარეობს ქალაქის ჩრდილოეთით 60 კილომეტრში, კუროს მთებში. ექსკურსიის დროს ტურისტებს აქ  შეუძლიათ დაათვალიერონ ჩანჩქერები, კასკადები და ბუნებრივი აბაზანები, რომლებსაც თვითონ მდინარე ქმნის ხმელთაშუა ზღვისკენ მიმავალ გზაზე.  კანიონი განსაკუთრებით პოპულარულია ტურისტებში, რომლებიც  ექსტრემალური დასვენების მოყვარულები არიან, რადგანაც აქ, მაგალითად, ჯომარდობისა თუ სხვა საინტერესო სპორტის საუკეთესო შესაძლებლობა არსებობს.

აღსანიშნავია ზეითინ-თაშის მღვიმე (Zeytintaşı Cave), რომლის სახელიც ითარგმნება, როგორც “ზეთისხილის ქვა”. იგი მხოლოდ ოცი წლის წინ აღმოაჩინეს და დაუყოვნებლივ შეიტანეს ბელექის ღირსშესანიშნაობათა სიაში. ასევე  თქვენ შეხვდებით რამდენიმე მიწისქვეშა ტბას, კრისტალურად სუფთა წყლითა და თხელი სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების კალციტის მაქმანით, რომელთა სიგრძეც დაახლოებით ერთ მეტრს აღწევს.

„ტროას“ აკვაპარკი კი არის ერთ-ერთი საუკეთესო გასართობი დაწესებულება ბელექში, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია ბავშვებსა და მოზარდებში. მთელი დღის განმავლობაში წყლის პარკში იმართება მრავალი სანახაობა, რა დროსაც აწყობენ   მუსიკალურ სპექტაკლებს, კონკურსებსა და სხვა საინტერესო აქტივობებს.  აქ არის ასევე შესანიშნავი კაფე, მრავალფეროვანი მენიუთი.  მის კომპლექსში შედის ასევე დელფინარიუმი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სტუმრების გამხიარულებაზეა ორიენტირებული. ბელექის მთავარი ღირსშესანიშნაობებში, ცხადია, მისი ოცკილომეტრიანი პლაჟებიც შედის. ქვიშის ფართო ზოლი ყველას საშუალებას აძლევს დატკბეს მზის ქვეშ და საუკეთესოდ დაისვენოს. აღსანიშნავია, რომ კურორტის ბევრ პლაჟს წლიდან წლამდე ენიჭება „ლურჯი დროშა“  სისუფთავისა და კარგად განვითარებული, თანამედროვე ინფრასტრუქტურისთვის.