თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარე საერთაშორისო ფორუმს „m&i Tbilisi 2024“ აფასებს „m&I”-ის მონაწილე ბალაზ ბართა.
„ამ ფორუმში მონაწილეობა დიდი გამოცდილებაა, ძალიან მომეწონა საქართველო, ხალხი ძალიან სტუმართმოყვარეა, საოცარი კერძები გაქვთ, თბილისი ნამდვილად საოცარი ქალაქია, ძალიან კარგად არის ფორუმი ორგანიზებული. იმედი მაქვს უნგრეთში შევძლებ ბევრ ადამიანს გავაცნო თუ როგორი საინტერესო ქვეყანაა საქართველო და რა პოტენციალი აქვს საქმიანი ტურიზმის კუთხით“,-აცხადებს ბალაზ ბართა ფორუმის მონაწილე უნგრეთიდან.
m&i Forum-ის ერთ-ერთი ღონისძიების, m&i Tbilisi-ის ფარგლებში საქართველოს ევროპიდან ეწვია 65 პოტენციური დამკვეთი. ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ტურიზმის სფეროში მოღვაწე, კერძო სექტორის სერვისის მიმწოდებელი, 60 საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი.
m&i Tbilisi-ის ფორუმის ფარგლებში 150-მდე პოტენციურ დამკვეთს და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ დედაქალაქის ტურისტულ ინფრასტრუქტურას და საქმიანი ტურიზმის პოტენციალს.
m&i ფარგლებში 83 სერვისის მიმწოდებელი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, B2B ფორმატში, 3 დღის განმავლობაში 40-მდე შეხვედრას მართავს პოტენციურ დამკვეთებთან.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს m&i Forum-ის მიერ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ რიგ ღონისძიებებში. ფორუმები, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, გამორჩეულად მნიშვნელოვანი ღონისძიებებია, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთები ესწრებიან.