საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გლობალურ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიებაში ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი 60-მდე გაყიდვების კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში მსხვილი ღონისძიებების გამართვით არიან დაინტერესებულები.
„მე ღონისძიების დაგეგმვის კომპანიას წარმოვადგენ იტალიიდან და საფრანგეთიდან. m&i-ის ფორუმის საშუალებით როგორც იქნა აღმოვაჩინეთ ძალიან საინტერესო მიმართულება, საქართველო ნამდვილად გამორჩეულია და დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენს კლიენტებს ღონისძიებების დაგეგმვისას ვთავაზობთ ტრადიციულ მიმართულებებს: იტალიას, პორტუგალიას, ესპანეთს, საფრანგეთს, თუმცა ამ ფორუმის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ საქართველო და კლიენტებს ახალი საინტერესო მიმართულება შევთავაზოთ და გავაცნოთ.“,-აცხადებს ფორუმის მონაწილე ოდეტე ამავი.
საქმიანი ტურიზმის სფეროში მასშტაბური ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით გაიმართა.
m&i-ის ფორუმის მიზანია საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმების, კონგრესების ჩატარება.