Lufthansa ხანგრძლივი ფრენებისთვის განკუთვნილ ბორტებზე კაბინებს ცვლის. ავიაკომპანია მგზავრებს ახალ პრემიუმ-კაბინებს 2023 წლიდან შესთავაზებს, პირველი კლასის მგზავრებისა და პირველად, ბიზნესკლასის მგზავრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ლუქსი. Lufthansa 100-ზე მეტ ახალ საჰაერო ხომალდს, როგორებიცაა Boeing 787-9, Airbus A350 და Boeing 777-9, მგზავრებს შესთავაზებს ახალ სერვისს, რომლის სახელია – ალეგრისი (Allegris).
საჰაერო ხომალდის წინა ნაწილში იქნება ლუქს-ადგილები, ხოლო ეკონომ-კლასის მგზავრებს შესთავაზებენ პროდუქტს, სახელად – „მძინარეთა რიგი“.
ახალი ინტერიერი თვითმფრინავში ავიაკომპანიის გეგმის ნაწილია, რომლის თანახმად, 2,5 მილიარდი ევროს ინვესტირება იგეგმება 2025 წლამდე პროდუქტებსა და სერვისში, რათა მომსახურება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.
„ჩვენი სურვილია, ჩვენს სტუმრებს უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტები შევთავაზოთ“, – განაცხადა Lufthansa ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა კარსტენ სპორმა.
პირველი კლასის ადგილები ერთმანეთისგან გამოყოფილი იქნება მაღალი კედლებით, რომლებიც, შესაძლოა, მეტი სიმყუდროვისთვის დაიხუროს. თითქმის ერთმეტრიანი სიგანის სავარძელი შესაძლებელია, გარდაიქმნას საწოლად. თითოეული ასეთი ტიპის ადგილი მოიცავს დიდ გარდერობსაც.
ბიზნესკლასის ადგილებზეც მგზავრებს მაღალ კედლებს სთავაზობენ და მცურავ კარს, რომელიც მეტი სიმყუდროვისთვის, შეიძლება დაიკეტოს. ყველა ასეთ ადგილს აქვს გასასვლელი და სავარძელი გარდაიქმნება ორი მეტრის სიგრძის საწოლად.
ეკონომ-კლასის მგზავრები შეძლებენ, ადგილის დაჯავშნისას არჩევანი მეტ სივრცეზე გააკეთონ. მათ შეუძლიათ, დაჯავშნონ ადგილი პირველ რიგში, სადაც სავარძლებისთვის დიდი სივრცეა, ან დაჯავშნონ მათ გვერდით მდებარე ცარიელი ადგილი. გარდა ამისა, მგზავრებს შეეძლებათ, ხანგრძლივი ფრენისას დაჯავშნონ მთელი რიგი. „მძინარეთა რიგის“ კონცეფცია, როგორც პროდუქტი ალეგრისის ნაწილი, ხელმისაწვდომი იქნება ხანგრძლივი ფრენებისთვის განკუთვნილ დიდ საჰაერო ხომალდებში. ამ შემთხვევაში მგზავრებს საშუალება ექნებათ, დაკეცონ ფეხის სადგამები და დასვენებისა და ძილისთვის დამატებითი ლეიბი გამოიყენონ.