თუ გავითვალისწინებთ, რომ ძრავი საჰაერო ხომალდისთვის ენერგიის და ბიძგის ძირითადი წყაროა, მისი ოპტიმალური მუშაობა გადამწყვეტია და შესაბამისად, თვითმფრინავის ეფექტურობა მისი ძრავის მახასიათებლებზეა დამოკიდებული.
საჰაერო ხომალდის მწარმოებლების მიხედვით, მოთხოვნები ძრავის მუშაობაზე, ხომალდის ტიპისა და მოდელის მიხედვით განსხვავებულია.
ამ ვარიაციების მიუხედავად, ავიაციის სფეროში უმეტესად თანხმდებიან, რომ ყველაზე შესამჩნევი მოთამაშეები თვითმფრინავების ძრავების წარმოების სფეროში Pratt & Whitney, General Electric, Rolls-Royce და CFM International-ი არიან.
Pratt & Whitney, რომელიც ცნობილია, როგორც P&W ან PW, 1925 წელს დაფუძნებული ამერიკული საავიაციო კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი აღმოსავლეთ ჰარტფორდში, კონექტიკუტის შტატში მდებარეობს. დღეისათვის, სულ მცირე 13 ათასი დიდი კომერციული ძრავი P&W-ს მიერ არის წარმოებული. P&W-ს ძრავები აქვს კომერციული ფრენებისთვის გამოყენებულ ისეთი ტიპის საჰაერო ხომალდებს, როგორებიცაა Airbus A220, A320, A330, Embraer E-jet, Boeing 767 და სხვები.
General Electric-ი, ცნობილი, როგორც GE მსოფლიოს კიდევ ერთი უმსხვილესი ძრავების მწარმოებელია. 1892 წელს დაფუძნებული ამერიკული კომპანიის სათავო ოფისი ოჰაიოს შტატში, ცინცინატიში მდებარეობს. GE ძრავებს აწვდის მსოფლიოს ლიდერ საჰაერო ხომალდების მწარმოებლებს, მათ შორისაა Airbus, Boeing, De Havilland Canada, Embraer და COMAC. GE-ის წარმოებული ძრავები აქვს Boeing 737, 777, 747, 787, ასევე Airbus A320, A330 და A340 საჰაერო ხომალდებს.
CFM International-ი General Electric-ისა და Safran-ის ერთობლივი პროექტია, დაფუძნებულია 1974 წელს ცინცინატიში, ოჰაიოს შტატში და პარტნიორობის ძირითადი მიზანი იყო CFM56 ტიპის ძრავის წარმოება, რომელიც მაღალი გამავლობის ტურბო-ძრავია. CFM International-ი თანამშრომლობს და საჰაერო ხომალდის მწარმოებლებს ძრავებს აწვდის Airbus A320 და Boeing 737 ტიპის თვითმფრინავებისთვის. CFM International-ი ასევე აწარმოებს LEAP-ძრავებს, რომელიც ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით იქმნება, ინოვაციური, ხარჯთეფექტური ძრავია, რომელიც საწვავს ეფექტურად მოიხმარს. CFM International-ი და General Electric-ი ერთობლივად კომერციული საჰაერო ხომალდების ძრავების წარმოების ბაზრის 55%-ს აკონტროლებენ.
Rolls-Royce გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საინჟინრო კომპანიაა. 1906 წელს დაფუძნებული კომპანიის სათავო ოფისი დიდ ბრიტანეთში, ლონდონში მდებარეობს. მისი პირველი წარმატებული პროდუქტი იყო 1914 წელს შექმნილი ძრავი, ცნობილი, როგორც „არწივი“, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ბევრ საჰაერო ხომალდში გამოიყენებოდა. დღეისათვის, Rolls-Royce-ი მსოფლიოში საჰაერო ხომალდების ძრავების უმსხვილეს მწარმოებლებს შორისაა და ცნობილია Trent XWB, 7000, 1000, 900,800 და 500 ტიპის ძრავებით. ამ ტიპის ძრავები გამოიყენება თვითმფრინავების ფართო სპექტრისთვის, მათ შორისაა Boeing 777, 787, ასევე Airbus A330, A340, A350, და A380.