Lufthansa Group-ის მიმდინარე და გაფართოების გეგმები ქართულ ბაზარზე. საქართველოს სამუშაო ვიზიტით Lufthansa Group-ის გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტი ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში შტეფან კროიცფეინტერი სტუმრობდა, რომელმაც AviaNews-თან საქართველოში ავიაკომპანიის გეგმები შეაფასა და ზოგადად Lufthansa-ს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
– პირველ რიგში რა იყო მიზეზი თქვენი საქართველოში ჩამოსვლის და რა შეხვედრები გამართეთ ქვეყანაში?
– საქართველოში პირველად ვარ, წამოსვლამდე კი როდესაც ხალხს საქართველოზე ვესაუბრე ყველა პოზიტიურად იყო განწყობილი. ეს აჩვენებს, რომ საქართველო საკმაოდ კარგადაა პოზიციონირებული და აქვს დიდი პოტენციალი.
ჩემი საქართველოში ჩამოსვლის მთავარი მიზანი, ერთი მხრივ ფრენების, მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის ტევადობის გაზრდაა 14%-ით, იმავდროულად ჩვენ საქართველოში უკვე 14 წელია ვოპერირებთ. შესაბამისად, ამ რიცხვს სიმბოლურიც კი შეგვიძლია ვუწოდოთ. 14 %-ით მეტი ადგილები, ჩვენი 14 წლიანი ოპერირების შემდეგ.
მეორე მიზეზი, რეგიონის შიდა გაყიდვებთან შეხვედრებია – 60 ადამიანი ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნებიდან თბილისში ასევე სათაო ოფისებიდან ავსტრიიდან, ფრანკფურტიდან, ციურიხიდან და ა.შ. რომ ჩვენი გაყიდვების აქტივობების შესახებ შეიტყონ თბილისსა და მთლიანად რეგიონში.
მესამე მთავარი მიზანი კი, ზოგადად, საქართველოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრა იყო, დინამიკის შესწავლა, რაც პოზიტიური აღმოჩნდა და ბევრი რამ შევიტყვე საქართველოს შესახებ, მისი ღიაობის და მისი სამომავლო გეგმების შესახებ.
– 14 წლიანი ოპერირების განმავლობაში რამდენად კმაყოფილია კომპანია ქართული ბაზრით, განსაკუთრებით ბოლო წლებში, როდესაც საქართველოში საკმაოდ მზარდია ვიზიტორების რაოდენობა.
– ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ ქართული ბაზრით, რასაც ის ფაქტი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში სულ ვართ წარმოდგენილი და მეტიც, ვზრდით ადგილების რაოდენობას. ჩვენ შეგვიძლია ისის ვთქვათ, რომ საქართველოს უფრო რთული პერიოდებიც ჰქონდა და Lufthansa მაშინაც კი იყო ქვეყანაში წარმოდგენილი. ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ მგზავრთნაკადის ზრდას ორივე მიმართულებით, ასევე მთავარი ფაქტორია, რომ საქართველოს აქვს უკვე უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან, რაც ზრდის დინამიკას, რის შესაბამისადაც ჩვენც ვზრდით არჩევანს მომხმარებლებისთვის – კვირაში ვამატებთ ორ რეისს.
ვფიქრობ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია მუდმივი და მდგრადი განვითარების მიმართულებით საქართველოში.
– საშუალოვადიან პერიოდში განიხილავს თუ არა Lufthansa Group დამატებით გაფართოვებას ქართულ ბაზარზე. თუნდაც Lufthansa-ს შემთხვევაში ახალი მიმართულებების, ან ჯგუფში შემავალი სხვა კომპანიების შემოსვლით ქართულ ბაზარზე?
– არა, დღეს ჩვენ ვგეგმავთ სწორედ იმ ზრდას რაც აღვნიშნეთ. ჩემი აზრით საჭიროა ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედება, რადგან სხვა შემთხვევაში ეს ყველაფერი არ იქნება მდგრადი და წარმატებული. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, მიმდინარე წლისთვის 14%-იანი ზრდა საკმარისია, ხოლო მიღებული შედეგების მიხედვით, თუ რამდენად წარმატებული იქნება ეს ჩვენთვის, შემდგომ შეგვიძლია ვისაუბროთ დამატებით გეგმებზე. ამ ეტაპისთვის დამატებითი კონკრეტული გეგმა არ გაგვაჩნია.– თუმცა იყო ადრე საუბრები Eurowings-ის შემოსვლასთან დაკავშირებით. ახლა საზოგადოებას აქვს დიდი ინტერესი დაბალბიუჯეტიანი ფრენების მიმართ, ამას მაგალითად, Wizz Air-ის მონაცემები და მის მიერ გადაყვანილი მგზავრთნაკადიც მოწმობს.
– Eurowings-ი ჩვენი “Point to Point” ტიპის პლატფორმაა და მისი ძირითადი სამიზნე ისაა, რომ ფასები იყოს კონკურენტული ბიუჯეტური ავიაკომპანიების სეგმენტში. ბოლო ოთხი წელია კი ავიაკომპანია მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს, განსაკუთრებით 2018 წელს. დამატებით ზრდასთან ერთად ჩვენ უნდა ვისაუბროთ სტაბილურობაზე და სწორედ ესაა ჩვენი მთავარი მიზანი 2019 წლისთვის, რომ გვქონდეს შესაბამისი და სანდო გრაფიკი. აქედან გამომდინარე წელს არ ვფიქრობთ, Eurowings-ის შემთხვევაში ზრდას გლობალურ ბაზარზე. ვფიქრობ საქართველოში ჩვენი „საშინაო დავალება“ მიმდინარე წლისთვის საკმარისია და ფოკუსს ვაკეთებთ იმაზე, რომ დამატებითი რეისები ავიაკომპანიისთვის მომგებიანი გავხადოთ, შემდგომ ვნახავთ რა მოხდება მომავლისთვის.
ჩვენ ყოველთვის ვაკვირდებით ბაზრებს და ბაზრების დინამიკას, სწორედ ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას ნებისმიერ ზრდასთან და გაფართოებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის გვაქვს გრძელვადიანი პერსპექტივები ქართულ ბაზართან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა ბაზრებთან დაკავშირებით. როგორც კი ჩვენ ვიტყვით, რომ გარკვეული მიმართულებები შესრულებულია და მზადაა, რა თქმა უნდა ჩვენ ამას მოვარგებთ ჩვენს ტევადობას.
– ვიზა ლიბერალიზაცია როგორ აისახა თქვენს ფრენებზე – როგორია სტატისტიკა თქვენს შემთხვევაში, თუ არსებობს პრობლემები საზღვრის კვეთის აკრძალვასა და დეპორტთან დაკავშირებით?
– ჩვენ რასაც ვხედავთ, ვიზა ლიბერალიზაციის შემდგომ, ბოლო ორ წელში გაიზარდა ქართველების ვიზიტები დასავლეთ ევროპაში, მათ შორის სასწავლებლადაც, თუმცა ამავდროულად კი საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამან გავლენა იქონია დასავლეთ ევროპიდან ხალხის საქართველოში ჩამოსვლაზეც. ამიტომ, ვფიქრობ ვიზა ლიბერალიზაციას საკმაოდ ბევრი დადებითი შედეგი მოყვა – გაიზარდა შემომსვლელთა ტრაფიკი საქართველოში, რაც დამატებით განვითარებას ნიშნავს. ქართველები კი მიდიან მიუნხენში, ან მიუნხენიდან სხვა ქვეყნებში – ძირითადად საფრანგეთში, ესპანეთში და ასევე ამერიკაში. რაც შეეხება საქართველოდან წასულ მგზავრებს, რომლებიც უკან არ ბრუნდებიან, მსგავსი შემთხვევები ჩვენ არ გვაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ კომერციული ავიაკომპანია ვართ, ბუნებრივია გვაქვს ინტერესი სავიზო რეჟიმი მაქსიმალურად ლიბერალური იყოს, ჩვენ ჩვენის მხრივ ვამოწმებთ საბუთებს საზღვარზე, თუმცა ემიგრაცია უფრო პოლიტიკური საკითხია და ჩვენ ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ. სწორედ ამიტომ ჩვენ თავად ქვეყნებს ვთხოვთ, საჭირო საბუთები საზღვარზე შემოწმდეს, ვინაიდან თუკი რაიმე დოკუმენტი ევროპისთვის არაა მისაღები, ავიაკომპანიაა პასუხისმგებელი მგზავრის უკან დაბრუნების ხარჯებზე. ეს კი ბუნებრივია ის შემთხვევაა, რომელიც ჩვენ გვინდა თავიდან ავიცილოთ.
– გამომდინარე იქიდან, რომ დიდი გამოცდილება გაქვთ საავიაციო სფეროში, რა შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილებიდან, თუნდაც მაგალითად რა რეკომენდაცია შეგიძლიათ მისცეთ ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს, რათა უფრო წარმატებული გახდეს.
– შემიძლია Lufthansa Group-ის მოდელზე ვისაუბრო, ჩვენი სტრატეგიით ერთი მხრივ ფოკუსს ვაკეთებთ პრემიუმ სეგმენტზე ჩვენი პრემიუმ ბრენდებით, Austrian Airlines-ის, Lufthansa-ს და SWISS-ის მეშვეობით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ საკმაოდ დიდი ინვესტიციები განვახორციელეთ და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ, რათა ამ მიმართულებით უფრო მეტად გავძლიერდეთ, მათ შორის პრემიუმ პროდუქტების წარმოდგენით ბორტზე. ასევე ერთ – ერთი ყველაზე აღსანიშნავი ფაქტი ისაა, რომ Lufthansa ერთადერთი დასავლეთ ევროპული ავიაკომპანიაა, რომელმაც Skytrax World Airline Awards-ში 5 ვარსკვლავი მიიღო. ჩვენი სტრატეგიაა ასევე შევინარჩუნოთ საფასო კონკურენტუნარიანობა ბიუჯეტურ სეგმენტზე, რის გამოც ჩვენ დავიწყეთ Eurowings-ის, როგორც მეორადი პლაფტორმის და ბრენდის განვითარება, რომელიც რიგით მესამე ყველაზე დიდი “Point-to-point” ტიპის ავიაკომპანიაა და რომელიც მუდმივად იზრდება. აქედან გამომდინარე, იმისათვის რომ წარმატებულები ვიყოთ, ჩვენი ბიზნეს მოდელით ვფარავთ, როგორც პრემიუმ სეგმენტს, ისე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ბიუჯეტურ სეგმენტს.
რამდენიმე კვირის წინ ჩვენ განვაცხადეთ, რომ 40 ხომალდს ვყიდულობთ, რომელთა ნაწილი არსებული ავიახომალდების ჩანაცვლებას, ნაწილიც კი ახლების დამატებას ემსახურება. საუბარია 20 ერთეულ Boing 787-9-ის და 20 ერთეული Airbus A350-900 -ის შეძენაზე. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობაც, რადგან ახალი ავიახომალდების შეძენით, მნიშვნელოვნად მცირდება CO2-ის ემისია, მცირდება ხმაურიც.
– რომელია ჯგუფისთვის ყველაზე დატვირთული მიმართულებები გლობალურ ბაზარზე?
– ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული რეისი ევროპაში ლონდონია ასევე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა პარიზი და ბარსელონა. რაც შეეხება საერთაშორისო დონეზე, პოპულარულია ნიუ იორკი, სან ფრანცისკო, ხოლო აზიაში – შანხაი.
ესაუბრა მარიამ მინაძე