გერმანული ავიაკომპანია Lufthansa მიუნხენიდან თბილისის მიმართულებით ფრენის სიხშირეებს ამცირებს. მიზეზი COVID-19-ის გავრცელების პრევენციაა. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია “ტავ ჯორჯიაში” განუმარტეს, ავიაკომპანიამ თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირეები, დროებით, 28 მარტამდე შეამცირა. ამ პერიოდში დაგეგმილი 15 რეისის ნაცვლად ავიაკომპანია განახორციელებს 7 რეისს.
ზამთრის სანავიგაციო სეზონზე Lufthansa-ს მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში 8 სიხშირით ახდენდა.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით გერმანიიდან შემოსული მოქალაქეები სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.
თავად ავიაკომპანია Lufthansa-მ იმ მიმართულებებზე, სადაც ოპერირებს სიხშირეები მაქსიმალურად შეამცირა და ავიაკომპანია ფრენების სრული შეჩერების სქემასაც ამუშავებს. თუმცა ავიაკომპანიის გადაწყვეტილება დიდად იქნება დამოკიდებული თავად გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომელიც კრიზისის ქვეშ მყოფი ავიაკომპანიების ფინანსური დახმარების სქემას განიხილავს.