საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც Turkish Airlines-სა და Pegasus Airlines-ის ავიაბილეთები ჰქონდათ ნაყიდი და გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ნორვეგიის, დანიის, ბელგიის, შვედეთის, ავსტრიის და ნიდერლანდების მიმართულებით აპირებდნენ გამგზავრებას, ავიაკომპანიები მათ ალტერნატიულ მარშრუტებს შესთავაზებს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მზარდი დინამიკის გათვალისწინებით მსოფლიოს ბევრი სახელმწიფო და კომპანიები მიმართავენ შემზღუდავ ზომებს, რაც ითვალისწინებს ცალკეულ შემთხვევებში  სახელმწიფო საზღვრების დაკეტვას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, ასევე ყველა სახის ტრანსპორტით, მათ შორის საჰაერო გზით, გადაადგილების შეზღუდვას.

“როგორც ცნობილია თურქეთის უმსხვილესმა საერთაშორისო ავიაკომპანიებმა Turkish Airlines-მა და Pegasus Airlines-მა 17 აპრილის ჩათვლით შეაჩერეს ფრენები გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ნორვეგიის, დანიის, ბელგიის, შვედეთის, ავსტრიის და ნიდერლანდების მიმართულებით.


მოგეხსენებათ, რომ Turkish Airlines-სა და Pegasus Airlines-ის მომსახურებით სარგებლობს საქართველოს ბევრი მოქალაქე. საქართველოს მთავრობას ჰქონდა კომუნიკაცია ავიაკომპანიებთან და როგორც ავიაკომპანიებში აცხადებენ ისინი მგზავრებისთვის უზრუნველყოფენ  ალტერნატიული მარშუტების შეთავაზებას, ასევე უსასყიდლოდ უზრუნველყოფს როგორც ბილეთში გადახდილი თანხის დაბრუნებას, ისე მგზავრობის თარიღის ცვლილებას.  ამასთან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე არიან გადასულები საქართველოს საელჩოები და საკონსულო დაწესებულებები, 24 საათი მუშაობს ცხელი ხაზი და საქართველოს ყველა მოქალაქეს ვინც იმყოფებით ამ ქვეყნებში და ფრენების შეწყვეტის გამო შეგექმნათ უკან დაბრუნების პრობლემები დაუკავშირდით ადგილსამყოფელ ქვეყანაში საკონსულო სამსახურს, რომელიც გაგიწევთ კონსულტაციას საქართველოში გამომგზავრების ალტერნატიული მარშუტების შესახებ”, აცხადებენ სამინისტროში.