ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Lufthansa Group-ის გაყიდვების უფროსს პეტერ პულემსა და რეგიონულ მენეჯერს კარსტენ ცანგს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.
შეხვედრაზე საქართველოში Lufthansa Group-ის სამომავლო საქმიანობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ გერმანული საავიაციო ჰოლდინგი განიხილავს საქართველოს ბაზარზე ჯგუფში შემავალი სხვა ავიაკომპანიებით ოპერირებას, რაც დამატებით ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებებით ფრენების დაწყებას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიუნხენიდან კვირაში 7 სიხშირით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია Lufthansa ასრულებს, ხოლო დიუსელდორფიდან Lufthansa Group-ში შემავალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი, რომელიც ზაფხულის სეზონიდან ფრენებს შტუტგარდი-თბილისის მიმართულებითაც იწყებს. ასევე მაინის ფრანკფურტი – თბილისის რეისს ასრულებს კიდევ ერთი გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines-ი.
“შეხვედრაზე გერმანული ჰოლდინგის მხრიდან ძალიან დადებითად შეფასდა საქართველოში სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის აღდგენის არსებული დინამიკა მიმდინარე წელს, ასევე გაზრდილი მგზავრთნაკადი, რომელიც Lufthansa Group-ში შემავალ ავიაკომპანიებს აქვთ საქართველოს მიმართულებით. ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ ის შესაძლებლობა, რომ Lufthansa-ს ჰოლდინგში შემავალმა ახალმა ავიაკომპანიებმა დაიწყონ საქართველოში ოპერირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში შესაძლებელია გვქონდეს პირდაპირ ავიამიმოსვლა ისეთ საინტერესო და მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა ბელგია, ავსტრია და შვეიცარია”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
“ჩვენ, Lufthansa Group-ს, ძალიან გვიხარია ქართული ავიაბაზარზე განვითარება, მათ შორის დიუსელდორფში, შტუტგარტსა და მიუნხენში ფრენების დაწყების მხრივ. ლუფთჰანზა უკვე საკმაოდ დიდი ხანია ოპერირებს საქართველოში და ვხედავთ ძალიან კარგ განვითარებას მრავალი მიმართულებით. ჩვენ ვგეგმავთ მომავალ წელს დავამატოთ ერთი ან მეტი ოპერატორი – შესაძლოა, Brussels Airlines , Austrian Airlines, Swiss International AirLines და ასევე, ახალი მიმართულებები. ახლა ეკონომიკის სამინისტროსთან განიხილავთ, თუ როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს”, – განაცხადა ჰოლდინგის რეგიონულ მენეჯერმა კარსტენ ცანგმა.
ვიზიტის ფარგლებში, Lufthansa Group-ის წარმომადგენლებმა უკვე გამართეს შეხვედრები სსიპ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“.