საქართველომ ლიეტუვასგან საჩუქრად მიიღო AstraZeneca-ს 15 ათასი დოზა. ვაქცინები თბილისის აეროპორტში 2021 წლის 24 ივლისს ჩამოვიდა, რომლის ტრანსპორტირებაც LOT Polish Airlines-მა უზრუნველყო.

ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ლიეტუვას ელჩის მოადგილე საულიუს ვალაინისი დახვდნენ.

ლიეტუვას მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრი სახელმწიფოსთვის – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის იქნა გამოყოფილი.

ვაქცინებისთვის ლიეტუვას მთავრობას მადლობა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოციალური ქსელის საშუალებით გადაუხადა.

“ლიეტუვას მთავრობის მიერ გამოყოფილი, AstraZeneca​-ს ვაქცინის 15 ათასი დოზა ახლახანს ჩამოვიდა თბილისში. უღრმესი მადლობა ჩემს კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და დროული დახმარებისთვის!” – წერია ზალკალიანის მიერ Twitter-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.