ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული Pfizer-ის ვაქცინის 0.5 მლნ დოზა საქართველოშია. ვაქცინების აშშ-დან ჩამოტანა კატარულმა ავიაკომპანია Qatar Airways-მა უზრუნველყო

Pfizer-ის ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული.

Pfizer-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. Pfizer- ით ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი.

Pfizer-ის პირველ დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებს 24 ივლისიდან 12:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 26 ივლისიდან დაიწყება.

Pfizer-ით ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

“ბატონო პრემიერ-მინისტრო, ამერიკელი ხალხის სახელით, ძალიან მოხარული ვარ, რომ დავხვდი Pfizer- COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზის ჩამოსვლას. ეს არის საჩუქარი პრეზიდენტ ბაიდენისა და ამერიკის მთავრობისგან ქართველი ხალხისთვის, ნიშნად ჩვენი მეგობრობისა”, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ჯანდაცვის მინისტრსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, Pfizer-ის ვაქცინას დახვდა. 
ელჩის შეფასებით, აშშ-ი მოხარულია, საქართველოს გადასცეს სიცოცხლის გადამრჩენელი ვაქცინა, როგორც ნაწილი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა. 
„აშშ-მა მხარი დაუჭირა ძალისხმევას საქართველოში მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის კუთხით პანდემიის დასაწყისიდანვე და ახლა ჩვენ უზრუნველვყოფთ იმასა, რასაც შეუძლია, ნამდვილად შეებრძოლოს გლობალურ პანდემიას, ეს გახლავთ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა. 500 ათასი დოზა Pfizer-ის ვაქცინა დაემატება იმ 9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას, რაც აშშ-მა გაუწია საქართველოს პანდემიის გავლენის შესამსუბუქებლად. მათ შორისაა 3 განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე მაცივრის გადაცემა, ასევე ჟანგბადის გამომმუშავებელი აღჭურვილობის გადაცემა თბილისის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის, რომელიც უზრუნველყოფს 300 პაციენტისთვის საჭირო რაოდენობის მაღალი ხარისხის ჟანგბადის მიწოდებას“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა. 

“ჩვენ ახლა აქტიურად უნდა დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რომ მოსახლეობაში დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია, აქტიური კამპანია, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აუცილებელია, რომ ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს, რისთვისაც  სრული მზაობაა. 

„ქალბატონო ელჩო, მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი მთავრობისა და ხალხის სახელით. მე მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის პრეზიდენტს, ბატონ ჯო ბაიდენს, ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს ამ დახმარებისთვის. ნახევარი მილიონი დოზა Pfizer-ი დღეს საქართველოშია. კიდევ ერთხელ მადლობა ამ დახმარებისთვის. ჩვენ ახლა აქტიურად უნდა დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რომ მოსახლეობაში დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია, აქტიური კამპანია. აუცილებელი არის, რომ ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს და ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვაქვს. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკის მთავრობას გადავუხადო მადლობა იმ დახმარებისთვის, რომელიც ამერიკამ გაუწია საქართველოს COVID-პანდემიის მართვის დროს და მის შემდეგ და ახლა უკვე კონკრეტული დახმარებისთვის – Pfizer-ის ვაქცინის მოწოდებისთვის. 
ამას გარდა, ჩვენ ერთი მილიონი დოზა Pfizer-ი გვაქვს შესყიდული უშუალოდ მომწოდებელთან, Pfizer​-ის კომპანიისგან ვიყიდეთ ერთი მილიონი დოზა, რომელიც ძალიან მალე ჩამოვა საქართველოში, ამის მოწოდებაც დაიწყო. 
კიდევ ერთხელ, მინდა ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ ყველა ჩავერთოთ ამ კამპანიაში და ყველამ ავიცრათ, დავიცვათ ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი მეგობრების, მშობლების, ახლობლების, ოჯახის წევრების ჯანმრთელობა. მადლობა ჯო ბაიდენს, მადლობა ამერიკას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Pfizer-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა.

Pfizer-ით ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე -booking.moh.gov.geCOVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 15 22-ს.

წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში, მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიუვათ.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.