ლიბია აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ ინფრასტრუქტურულ პროექტს, 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების ბენღაზის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას იწყებს, რომელიც, სავარაუდოდ, 2500 სამუშაო ადგილს შექმნის და რომლის დასრულებაც 2026 წლისთვის არის დაგეგმილი.
მალაიზიური NRY Architects-ის მიერ შექმნილი პროექტი ლიბიის აფრიკის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის დამაკავშირებელ რეგიონულ ცენტრად გადაქცევას ისახავს მიზნად. აეროპორტის სახურავის ხაზები ქვეყნის უდაბნოს ლანდშაფტითა და ხმელთაშუა ზღვით არის შთაგონებული.
ინიციატივას ლიბიის ეროვნული განვითარების სააგენტო (NDA) Terminal Group Holding-ის შვილობილ კომპანია Global Builders Company-თან პარტნიორობით ახორციელებს.
ადგილობრივი ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ პროექტი ტრანსპორტის მასშტაბურ განვითარებას არ წარმოადგენს – ის ეროვნული განახლების და ეკონომიკური ამბიციის სიმბოლოა.
კომპლექსი 24 კვადრატული კილომეტრის ფართობს მოიცავს, აეროპორტის ტერმინალი წელიწადში 15 მილიონ მგზავრს მოემსახურება, ხოლო მისი ინფრასტრუქტურა Airbus A380-ის განსათავსებლადააგანკუთვნილი. ინფრასტრუქტურა მოიცავს 125 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის ტერმინალს, სპეციალურ VIP ლაუნჯს, სატვირთო ცენტრს და 3.8 კმ სიგრძის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს – ყველაზე გრძელს ჩრდილოეთ აფრიკაში.
აეროპორტი ლიბიის „ხედვა 2030“-ის ფარგლებში განხორციელებული 150-ზე მეტი სტრატეგიული პროექტიდან ერთ-ერთია. ეს არის გრძელვადიანი განვითარების გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს დივერსიფიცირებული, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკის შექმნას. (airlinergs.com)












