სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექცია თემაზე – „სამოქალაქო ავიაციის დარგის მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები“, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა და მას საფრენოსნო მომზადების, საინჟინრო და ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტების სტუდენტები და დეკანები ესწრებოდნენ.
ლექციის ფარგლებში, ლევან კარანაძემ ისაუბრა როგორც სამოქალაქო ავიაციის დარგის განვითარების გლობალურ ტენდენციებზე, ისე საქართველოს საავიაციო სექტორში მიმდინარე სიახლეებზე, ძირითად მიღწევებზე და გამოწვევებზე. სააგენტოს ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ავიასპეციალისტების მიმართ მომავალ წლებში მოსალოდნელ მზარდ მოთხოვნაზე, ამ კუთხით არსებულ პერსპექტივებზე და ხარისხიანი განათლების მიღების აუცილებლობაზე. ლექციისა და პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა საჯარო ლექციის მსვლელობისას განაცხადა, სააგენტოს სპეციალისტები აქტიურად არიან ჩართულნი სტუდენტების პროფესიული მომზადების პროცესში და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, უნივერსიტეტთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.