კომპანია Lasare-ს ტერმინალმა Samsung-ის კვების ელემენტების 100 ტონამდე ტრანზიტული ტვირთი მიიღო, რომლის ტრანსპორტირებაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში “ცის დედოფლით” განხორციელდა. საჰაერო გზით მიღებული ტვირთი კი Lasare-მ ტრაილერებით ევროპაში, კერძოდ კი უნგრეთში გაგზავნა.

“Lasare-ს ტერმინალმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და მასშტაბური ტრანზიტული ტვირთი მიიღო. ტვირთის კატეგორიის სირთულიდან გამომდინარე ჩვენი ლოჯისტიკის და საბროკერო სამსახურის მიერ საბაჟო პროცედურების ურთულესი ჯაჭვი შესრულდა. სამუშაოების შეუფერხებლად ჩატარებით კმაყოფილი გერმანელი დამკვეთი ჩვენთან კვლავ თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს, რაც ქვეყნაში მასშტაბური ავიატვირთების შემოდინებას შეუწყობს ხელს”, განაცხადა Lasare-ს ლოჯისტიკის და საბროკერო სამსახურის მენეჯერმა გიორგი ნადირაშვილმა.

კომპანიის ინფორმაციით, გასულ დღეებში Lasare-ს ტერმინალმა Boeing 747-ით კომპანია Samsung-ის კვების ელემენტების 100 ტონამდე ტრანზიტული ტვირთი მიიღო. 

Lasare-მ მალაიზიიდან გამოგზავნილი სახიფათო კატეგორიის ტვირთი მისთვის შესაბამისი საერთაშორისო რეგულაციების გათვალისწინებით მიიღო, დაამუშავა და სატრანზიტოდ მოამზადა. საბოლოოდ კი ტვირთი საქართველოდან ტრაილერებით უნგრეთში გაიგზავნა. მულტიმოდალური გადაზიდვის ყველა სატრანზიტო-საბაჟო პროცედურა კი Lasare-ს საბროკერო სამსახურის მიერ შესრულდა.

“სასიამოვნოა იყო ასეთი მასშტაბური პროცესის მონაწილე. მე და ჩემი მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდი თითოეულ დეტალს უდიდესი ყურადღებით ვაკვირდებოდით, რადგან ამ კატეგორიის ტვირთის დამუშავებას მკაცრი, სახელმწიფო საერთაშორისო რეგულაციებით ვაკონტროლებთ”, განაცხადა Lasare-ს სატვირთო მომსახურების მენეჯერმა ზუკა გაფრინდაშვილმა.