კურორტ „გოდერძი“-ზე 2018-19 წლის ზამთრის სეზონი ოფიციალურად 28 დეკემბერს გაიხსნება. სეზონის გახსნისთანავე იფუნქციონირებს ორივე საბაგირო და მოეწყობა სათხილამურო ტრასები.როგორც ცნობილია გოდერძიზე გონდოლასა და ბაბლის ტიპის საბაგირო მუშაობს და ის 8 კილომეტრიან სათხილამურო ტრასას ემსახურება.
კურორტის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია ერთი რესტორანი, სწრაფი კვების, თხილამურებისა და ბურანების გასაქირავებელი ობიექტები. მოწყობილია 200 მეტრიანი მცირე დახრილობის სათხილამურო ტრასა ბავშვებისთვის და დამწყები მოთხილამურეებისთვის.
რაც შეეხება განთავსებას ამ ეტაპზე კურორტზე 6 თანამედროვე ტიპის კოტეჯი და ერთი სასტუმროა. ერთი კოტეჯი 12 ადამიანზეა გათვლილი. ასევე, გაიხსნა ახალი განთავსების ადგილი სასტუმრო „დავითი“, რომელშიც 13 ნომერია და 40 ადამიანი თავსდება. კიდევ ერთი სასტუმრო კურორტიდან 5 კილომეტრში, გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს. 10 ნომრიანი სასტუმრო 30 ადამიანზეა გათვლილი და მას სპეციალური სამგზავრო თოვლმავალი ემსახურება. ყოველდღე თოვლმავალს დამსვენებლები კურორტზე, საბაგიროს სადგურამდე მოჰყავს.