მსოფლიო აეროპორტების გაერთიანება – Airports Council International (ACI) შიშობს, რომ საავიაციო სფეროში კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი მხოლოდ მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. 
ორგანიზაცია COVID-19-ს აეროპორტებისთვის „ეგზისტენციალურ საფრთხედ“ მიიჩნევს და ვარაუდობს, რომ 2020 წელს მგზავრთნაკადი 2/5-ით შემცირდება, აეროპორტების შემოსავლები კი განახევრდება. ეს კი 3.6 მილიარდი მგზავრის და 76 მილიარდი დოლარის დანაკარგს ნიშნავს.
„აეროპორტების ინდუსტრიამ უკვე განიცადა მრავალმილიარდიანი დანაკარგები 2020 წლის პირველ კვარტალში. ახლა კი მოსალოდნელია, რომ კორონავირუსის გავლენა არა მხოლოდ მეორე კვარტალზე, არამედ წლის მეორე ნახევარზეც გავრცელდეს“, – განაცხადა ACI World-ის გენერალურმა დირექტორმა ანგელა გიტენსმა.
ის ამბობს, რომ მთავრობების მხრიდან აუცილებელია ეფექტური ეკონომიკური ზომების მიღება ინდუსტრიაში მილიონობით სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად.
ACI-ში ფიქრობენ, რომ ქვეყნების შიგნით მგზავრთნაკადის აღდგენა შედარებით მალე შეიძლება მოხდეს, საერთაშორისო დონეზე კი ეს პროცესი შეიძლება 12-18 თვეს გაგრძელდეს.