გვინეის სამოქალაქო ავიაციის სამსახური იძიებს ინციდენტს, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ კონაკრის საერთაშორისო აეროპორტში (CKY/GUCY) ასაფრენ ბილიკზე დაფიქსირდა, რომლის დროსაც პორტუგალიური ავიაკომპანია TAP-ის თვითმფრინავი მოტოციკლს შეეჯახა.

გვინეის სამოქალაქო ავიაციის ორგანოს (AGAC) ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ინციდენტი მოხდა პარასკევს 23:40 საათზე (ადგილობრივი დროით), როდესაც “TAP-ის რეისი TP1492 ლისაბონიდან ეშვებოდა კონაკრის აეროპორტში და ორმა ადამიანმა მოტოციკლეტით გადაკვეთა ასაფრენი ბილიკი”.

მოტოციკლს მართავდა „უსაფრთხოების აგენტი, კომპანიის თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელია აეროპორტის ობიექტების დაცვაზე“, – ნათქვამია AGAC-ის განცხადებაში. მოტოციკლის მგზავრი იყო ასევე დაცვის თანამშრომელი. ორივე მათგანი დაიღუპა Airbus A320neo-ს ძრავასთან (n/n CS-TVI) შეჯახების შედეგად.

ბორტზე მყოფი მგზავრებიდან არავინ არ დაშავებულა, მაგრამ თვითმფრინავმა მნიშვნელოვანი დაზიანება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, მოტოციკლზე მყოფი ერთ-ერთი მამაკაცი თვითმფრინავის ძრავაში ჩავარდა.