კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებაზე უკრაინულ ავიაკომპანია YanAir Airlines-ს Jonika Airlines-ი ჩაანაცვლებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანია YanAir Airlines-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია YanAir Airlines-ს ფრენების შეჩერება მოუხდა, რადგანაც კომპანიას ექსპლუატანტის სერტიფიკატი შეუჩერეს. ირკვევა, რომ კომპლექსური ინსპექტირების შედეგების მიხედვით, სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა ავიაგადამზიდავის საქმიანობაში რამდენიმე კრიტიკული შეუსაბამობა აღმოჩინა, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ფრენის უსაფრთხოებას.
ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო საავიაციო სამსახურის ოპერატორთა სერტიფიცირების მუდმივმოქმედმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ 7 ივნისის 00:00 საათიდან (UTC) YanAir Airlines-ს ექსპლუატანტის სერტიფიკატი შეუჩეროს.
პროცედურების მიხედვით, ავიაკომპანიას ექსპლუატანტის სერტიფიკატი შესაძლოა მას შემდეგ აღუდგეს, რაც ინსპექტირების ანგარიშის დასკვნების საფუძველზე ავიაკომპანია არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრის.
მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში YanAir Airlines-ი საქართველოში მხოლოდ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს, სადაც ფრენებს ასრულებს კიევიდან და ხარკოვიდან, ხოლო რამდენიმე დღეში ფრენები უნდა დაეწყო ოდესადან.
როგორც AviaNews-ი 2018 წლის ნოემბერში წერდა, უკრაინის საავიაციო ხელისუფლებამ ავიაკომპანია Jonika Airlines-ს კიევი-თბილისის ხაზზე დაშვების ნებართვა მისცა და ავიაკომპანიას კვირაში 4 სიხშირით ოპერირება შეუძლია.
Jonika Airlines-მა მორიგი ბორტი 2018 წლის 24 აპრილს დაარეგისტრირა. რეგისტრაციის მიხედვით ავიაკომპანია ამ დროისათვის ოპერირებას უწევს Boeing 737-300-ს, რომელიც 1999 წელსაა გამოშვებული. კომპანიამ ლაინერი ლიზინგით ესტონური Higher azure avia-გან მიიღო. Jonika Airlines-ს მიერაა დარეგისტრირებული ასევე Boeing 737-400, რომელიც 1994 წელსაა გამოშვებული და ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია VALLAIR SOLUTIONS S.A.R.L-ს საკუთრებას წარმოადგენს.
რაც შეეხება თავად ავიაკომპანია Jonika Airlines-ს, ის 2016 წელსაა რეგისტრირებული და ის საჰაერო სატრანსპორტო ხომალდების ლიზინგზეაორიენტირებული. მისი საქმიანობა მოიცავს ასევე ტვირთებისა და სამგზავრო გადაზიდვებს.
კომპანიის საწესდებო კაპიტალი 100 ათასი გრივნაა, ხოლო აქციონერებს წარმოადგენენ jonika shipping С.А. (49%) და კერძო პირები: ვიტალი ლოგინოვი(30%) და ინნა სემენენკო (21%). აღსანიშნავია ისიც, რომ ავიაკომპანიის ერთ-ერთი აქციონერი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრია.