გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს თითქმის ყველა მფრინავი, რომლებიც პროფკავშირის წევრები არიან, ხელფასების ზრდის მოთხოვნით გაფიცვას აანონსებენ, – იტყობინება Associated Press პროფკავშირის განცხადებაზე დაყრდნობით.
Vereinigung Cockpit-ი წელს პილოტების ხელფასების 5.5%-ით გაზრდას ითხოვს, ასევე მომავალი წელისთვის ავტომატურ ინდექსირებას შიდა ინფლაციის შესაბამისად. გაერთიანებამ კომპანიასთან მოლაპარაკებების ექვსი რაუნდი გამართა, თუმცა ამ დრომდე კომპანიის მხრიდან არანაირი საპირისპირო შეთავაზება არ ყოფილა.
ამასთან დაკავშირებით პროფკავშირმა განაცხადა, რომ კენჭისყრის დროს პილოტების 98%-მა მხარი დაუჭირა გაფიცვას.
გასულ კვირას Lufthansa-ს ლოგისტიკის, ტექნიკური და სატვირთო სამმართველოების თანამშრომელთა გაერთიანებამ ერთდღიანი გაფიცვა მოაწყო. ამის გამო 1000-ზე მეტი რეისი გაუქმდა, შეიცვალა დაახლოებით 134 ათასი მგზავრის გეგმა.