დაკეტილი ცის მიუხედავად, უკრაინაში საჰაერო მიმოსვლა აღდგება. ევროპასთან საჰაერო კომუნიკაციას ჯერჯერობით მხოლოდ უჟგოროდის აეროპორტი შეინარჩუნებს. აეროპორტის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე, თვითმფრინავები, რომლებიც უჟგოროდის აეროპორტში განახორციელებენ ოპერირებას პრაქტიკულად არაფერს რისკავს. უკრაინული მედია წერს, რომ აეროპორტი მუშაობას სავარაუდოდ მალე განაახლებს.

როგორც ცნობილი გახდა, ტრანსკარპატების რეგიონალური საბჭოს დეპუტატებმა უჟგოროდის აეროპორტის მუშაობის აღსადგენად 26 მილიონი გრივნა გამოყო. დღეს კი ის არის ერთადერთი აეროპორტი უკრაინაში, რომელსაც შეუძლია ოპერირება.

„ფაქტობრივად, ეს არის ერთადერთი აეროპორტი უკრაინაში, რომელსაც შეუძლია იმუშაოს მგზავრთა გადაადგილებისთვის, რადგან ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი იწყება სლოვაკეთიდან და მთავრდება სლოვაკეთით. აეროპორტიდან აფრენილი ბორტი შედის ევროკავშირის ცაში და არა უკრაინის ცაში. დღეს ის დაკეტილია რიგი მოვლენების გამო“, – განაცხადა ვოლოდიმირ ჩუბირკმა, ტრანსკარპატების რეგიონალური საბჭოს ხელმძღვანელმა.

აეროპორტი “უჟგოროდი” ომის დროს პრაქტიკულად არ დაზიანებულა. რაიონულმა საბჭომ კი დამატებითი თანხა გამოყო მისი ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.
დღეს ის არის უკრაინის ერთადერთი საჰაერო კარიბჭე. და, სამწუხაროდ, არავინ იცის, რამდენ ხანს დარჩება ის ერთადერთი ქვეყანაში.

„ეს 26 მილიონი გამოყოფილია იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს დიდი, უნიკალური და, ალბათ, ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი აეროპორტი სახელმწიფოში“, – ხაზგასმით აღნიშნა ჩუბირკომ.

როგორც ცნობილია, აეროპორტმა მუშაობა უნდა განაახლოს არაუგვიანეს ორი თვისა. თავდაპირველად ის პრაღას, ვენასა და მიუნხენს დააკავშირებს. შემდეგ კი, ალბათ, სხვა ევროპული ქალაქებიც დაემატება.