კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების 2019 წლის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო პროგრამულ ნუსხაში კესელოს ციხე-სოფელის კომპლექსიც შევა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ, კესელოს ციხე-სოფელი თუშეთის კულტუროლოგიური ცენტრის ფუნქციასაც შეიძენს, რაც სამომავლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სამუზეუმო და საგამოფენო სივრცედ ქცევასაც გულისხმობს.
რეაბილიტაციის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დააფინანსებს ციხე-სოფელის ტერიტორიაზე იმ 5 კოშკის რესტავრაციის პროცესს, რომელიც ამ დრომდე ჩამოშლილია.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კომპლექსური რეაბილიტაციის სამომავლო გადაწყვეტილება სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ სოფ. ზემო ომალოში ვიზიტისას მიიღო, სადაც სააგენტოს ნებართვისა და ფონდი „კესელოს“ დაფინანსების საფუძველზე კესელოს ციხის რიგით მე-7 3 სართულიანი კოშკის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს.
კესელოს კომპლექსის 6 ციხე-სახლის რესტავრაციაც ფონდი „კესელოს“ ძალისხმევით განხორციელდა, რომლის დონორები ჰოლანდიელი და ქართველი ქველმოქმედები არიან.
პროექტით გათვალისწინებული სარესტავრაციო პროცესი ტრადიციული თუშური არქიტექტურის მქონე კოშკების ფიქალის ქვის მშრალი წყობით აღდგენასა და ინტერიერის სართულშუა ხის გადახურვების მოწყობას მოიცავს.