კანადის ტრანსპორტის მინისტრმა ომარ ალგაბრამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ეწინააღმდეგება რუსეთის ხელახლა არჩევას სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მმართველ საბჭოში.
Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ მან ICAO-ს ასამბლეის ფარგლებში განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა უნდა აგოს პასუხი თავის ქმედებებზე და ჩვენ არ დავუჭერთ მხარს რუსეთის წარდგენას საბჭოში“, – თქვა ალგაბრამ.
სააგენტოს ცნობით, შაბათს კენჭისყრა გაიმართება ICAO-ს მმართველ საბჭოში, რომელიც შედგება 36 წევრისაგან.
მინისტრის თქმით, კანადა სხვა ქვეყნებთან ერთად მსჯელობს ამ საკითხთან დაკავშირებით კოლექტიური მიდგომის შესახებ.
მან ასევე დაამატა, რომ საერთაშორისო წესების დარღვევა არ შეიძლება დარჩეს “გაუგონარი”.
როგორც ცნობილია რუსეთმა, სანქციების საპასუხოდ, დახურა თავისი საჰაერო სივრცე 36 ქვეყნის ავიაკომპანიებისთვის, მათ შორის ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსთვის.
ICAO არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული სააგენტო, რომელიც ადგენს საერთაშორისო სტანდარტებს სამოქალაქო ავიაციისთვის და კოორდინაციას უწევს მის განვითარებას უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით.