ყველა გურმანი ისწრაფვის სასურველი კერძები საუკეთესო რესტორნებში დააგემოვნოს. კონკურენცია მთელს მსოფლიოში დიდია, რესტორნები და კვების ობიექტები ცდილობენ მათი პროდუქცია კონკურენტუნარიანი და საუკეთესო იყოს. ეს ყველაფერი კი სარესტორნო სფეროში Michelin-ის ვარსკვლავებით ფასდება. მის სიაში ყოფნა ადასტურებს, რომ რესტორანში სამზარეულოს დონე და მომსახურება შესანიშნავია. ამ კუთხით კი, უკვე შეირჩა თურქეთის უმნიშვნელოვანესი ტურისტული ცენტრები – ბოდრუმი და იზმირი.
2023 წლის 9 ნოემბერს სტამბოლში გაიმართება ცერემონია, სადაც ბოდრუმსა და იზმირს მიშლენის სახელმძღვანელოში მოხვედრის პრივილეგია მიენიჭება. ეს კი, თურქული ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის კულინარიული “შესაძლებლობების” დამსახურებაა. მაგალითად, იზმირი გაძლევთ საშუალებას დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები, გასინჯოთ ურლას რაიონის ღვინო და დატკბეთ ადგილობრივი “არომატებით”.
აქ ადგილობრივი შეფ-მზარეულები ხშირად მართავენ ხოლმე ღონისძიებებს, სადაც უგემრიელესი კერძების პოპულარიზებას ახდენენ. მათი მრავალფეროვანი რესტორნები და კვებითი დაწესებულებები გვთავაზობენ უგემრიელეს დელიკატესებს, რომელთა გემოს დავიწყებაც უბრალოდ შეუძლებელია.
ასევე აღსანიშნავია ბოდრუმი, რომელიც თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულების ცენტრია. იგი მდებარეობს მუღლას პროვინციაში. აქ არის სამზარეულო, რომელიც საერთაშორისო კულინარიის დონით გამოირჩევა. ერთ-ერთი მიზეზი კი არის ის, რომ წარმოდგენილია აზიური და იტალიური კულინარიული ტრადიციების ნაზავი, რომელიც მიშლენის სახელმძღვანელოში უმაღლესი შედეგით არის შეფასებული.
„შარშან სტამბოლში მოგზაურობის შემდეგ ჩვენმა თანამშრომლებმა ბოდრუმისა და იზმირის სამზარეულოს სიამოვნებით მიანიჭეს პრივილეგია და მოახვედრეს სიაში. მართლაც, ეს ორი ადგილი არა მხოლოდ კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით გამოირჩევა, არამედ აქვს საოცარი კულინარიული ღირებულებები, რომლებიც სხვების მხრიდან იმსახურებს სერიოზულ დასწავლას. ბოდრუმი და იზმირი გამოირჩევა მრავალფეროვანი სამზარეულოთი და ისინი შეესაბამებიან საერთაშორისო დონის კურორტებს, სადაც ყველაფერი დახვეწილია სამზარეულოს ჩათვლით. თურქეღი მართლაც, რომ გასტრონომიული დანიშნულების ადგილია, რომელიც უბრალოდ არ უნდა გამოტოვოთ”, განაცხადა მიშლენის საერთაშორისო სახელმძღვანელოს (Michelen Guide) დირექტორმა გვენდალ ფოულენექმა.
„მოხარულები ვართ, რომ იზმირი და ბოდრუმი სტამბოლის შემდეგ წინა პლანზე გავიდნენ. სწორედ ჩვენი ნიჭიერი შეფ-მზარეულების დამსახურებაა, რომ დღეს ისინი მიშლენის მეგზურში ხვდებიან. ჩვენ შევძლებთ, ვაჩვენოთ მათ, რომ ჩვენი კულინარია არის მდიდარი და მის გასაცნობად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან ტურისტები. აქ ტურისტები ჩამოვლენ და თან საოცრად დაისვენებენ ჩვენს კურორტებზე და შეძლებენ ნახონ ულამაზესი ფირუზისფერი ზღვა, მწვანე ბუნება, სხვადასხვა ისტორიული და კულტურული დანიშნულების მქონე ობიექტი და სხვ. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მომავალში კიდევ ბევრი ქალაქი დაემატება ამ სიას”, აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ.
Michelin Guide Istanbul, რომელიც პირველად გამოიცა 2022 წელს, ავლენს თურქეთის გასტრონომიულ პოტენციალს და ასახავს მის კულინარიულ მრავალფეროვნებას.
მიშლენი ძირითადად ორიენტირებულია საკვების ხარისხზე და მის სიაში მოხვედრისათვის საჭიროა შემდეგი ხუთი კრიტერიუმის გათვალისწინება:
– კომპონენტების ხარისხი;
– სამზარეულოს ტექნიკის დაუფლება;
– გემოს ჰარმონია;
– შეფ-მზარეულის უნარები;
– თანმიმდევრულობა
საბოლოოდ, 2023 წლის 9 ნოემბერს გასამართ ღონისძიებაზე მიშლენის სახელმძღვანელოსთვის დასახელდება ბოდრუმისა და იზმირის ყველა ის რესტორანი, რომელიც დააჯილდოვეს ამ მეგზურის კრიტერიუმების შესაბამისად. ასევე მათ თქვენც შეგიძლიათ მისცეთ ხმა როგორც Michelim Guide-ს ვებსაიტზე, ისე უფასო მობილური აპლიკაციის (IOS) მეშვეობითაც.