სარეპატრიაციო რეისებს, რომელსაც ივლისში Myway Airlines-ი და Wizz Air-ი შეასრულებენ, მთავრობა მაქსიმუმ 261 000 ევროს მოცულობით დააფინანსებს. როგორც მთავრობის №1157 განკარგულებაშია აღნიშნული COVOD-19-ის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, შესაბამისი ჩარტერული რეისების ნაწილობრივი სუბსიდირება, ჯამურად არაუმეტეს 261,000 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით მოხდება. რეალურად კი ივლისში სპეცრეისებს, რაც მთავრობის მიერ უკვე ოფიციალურადაა დაანონსებული, Myway Airlines-ი და Wizz Air-ი ასრულებენ, საერთო ჯამში 5 რეისს. შესაბამისად 261 000 ევრო გაიყოფა 5-ზე და თითო (ორმხრივი) რეისი ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 52 200 ევროს ეკვივალენტი ლარით დაფინანსდება. თუმცა საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ ნაწილობრივი სუბსიდიის ფარგლებში, ავიაკომპანია რაც უფრო მეტ ბილეთს გაყიდის ბიუჯეტიდან გადახდილი თანხის მოცულობა დაიკლებს.
“აღნიშნული ნაწილობრივი სუბსიდირების თანხის ოდენობა მცირდება შესაბამისი ავიაკომპანიის მიერ ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ჯამის ოდენობით”, აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.
მთავრობის №1157 განკარგულებითვე, ავიაკომპანია ვალდებულია გაყიდული ბილეთების რაოდენობისა და ღირებულების შესახებ ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას მიაწოდოს (წარდგენილ უნდა იქნეს სიის სახით და შეიცავდეს მგზავრებისა და გაყიდული ბილეთების ფასის შესახებ ინფორმაციას). მიწოდებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ასევე, შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე მიწოდებული გაყიდული ბილეთების ელექტრონული ასლების ან/და ამავე პრინციპით მიწოდებული გაყიდული ბილეთების ინვოისის ურთიერთდადარებასაც.